საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მიერ საქართველოსთან მიმართებით გაკეთებულ მორიგ განცხადებებს „აბსოლუტური სიცრუე“ უწოდა „ხალხის ძალის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ყველაფერი არის იმ საერთო დღის წესრიგის ნაწილი, რომლის ერთ-ერთი გამოვლენა იყო ჰააგაში ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ მიღებული დეკლარაცია.
ეკა სეფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ერთი დღითაც არ შენელებულა და ქვეყანა ზედმიწევნით ასრულებს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. „მინდა გამოვეხმაურო პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომელიც საქართველოს მიმართ კვლავ გამოირჩევა უსამართლო მიდგომით და უსაფუძვლო კრიტიკით.
იგი ამბობს, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მყოფ სახელმწიფოებს შორის საქართველო არ არის, რაც აბსოლუტური სიცრუეა, იმიტომ, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ერთი დღითაც არ შენელებულა. საქართველო ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. სწორედ ესაა ევროკავშირში ინტეგრაცია და არა ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც პირველ რიგში ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს და ამავდროულად ევროკავშირის სადამფუძნებლო პრინციპებს.
პირველ რიგში, აქ ვგულისხმობ გამჭვირვალობის შესახებ კანონს და იმ ღირებულებების წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ მიმართულ მცდელობებს, რომლებიც ჩვენ ავსახეთ ოჯახური ღირებულებების კანონში. ეს არის იმ საერთო დღის წესრიგის ნაწილი, რომლის გამოვლინებაც ჩვენ ვიხილეთ ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის დეკლარაციის სახით.
თუ ვინმე არღვევს დემოკრატიის პრინციპებს და თუ სადმე შეინიშნება დემოკრატიული უკუსვლა, ეს არის სწორედ ევროკავშირი, რომელმაც 2024 წლის ივნისში შეწყვიტა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი. ესაა სწორედ დემოკრატიის თვალსაზრისით უკან გადადგმული ნაბიჯი. როგორც ჩანს, ევროკავშირის მესვეურებს არ სურთ მოისმინონ ოფიციალურ დონეზე გაჟღერებული საქართველოს არგუმენტები, რომელთა უგულებელყოფა მათ არ შეუძლიათ.
სწორედ ასეთი არგუმენტები დაუპირისპირა მათ ჩვენმა დელეგაციამ ჰააგაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე. სწორედ ჩვენს მიერ გაჟღერებული განცხადებების შედეგი იყო ის, რომ როდესაც ეს უსამართლო დეკლარაცია მიიღო ჰააგაში საპარლამენტო ასამბლეამ, ჩვენი დელეგაციის თითოეულ წევრთან მოდიოდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები და ერთგვარად გვებოდიშებოდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ, რადგან „ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა“. მაგალითად, პირადად მე მქონდა რამდენიმე შეხვედრა, მათ შორის ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებთანაც და ზოგიერთმა მათგანმა ისიც აღნიშნა, რომ აბსოლუტურად ეთანხმებოდნენ საქართველოს პოზიციას, მაგრამ სამწუხაროდ, არ შესწევდათ ძალა ამის შესახებ ხმამაღლა განეცხადებინათ“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.







