თუ პრეზიდენტს ახლა ვინმე საყვედურობს მთავრობიდან, რომ ნაკლები ძალისხმევა მიმართა, რომ საქართველოს ქვეყნის გარეთ ჰქონდეს მეტი შედეგი ან მეტი მეგობარი ჰყავდეს, ძალიან სასაცილო იქნება, იმიტომ, რომ მთელი რიტორიკა მთავრობის და მმართველი პარტიის არის ანტიდასავლური,- ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, რითაც მმართველი გუნდის წარმომადგენლების კომენტარს გამოეხმაურა, სადაც სალომე ზურაბიშვილი იმის გამო გააკრიტიკეს, რომ მან ილჰამ ალიევს პრეზიდენტად არჩევა არ მიულოცა.
„პრეზიდენტის ინსტიტუტს არა მხოლოდ პატივი სცენ, არამედ თვითონ პრეზიდენტის სტილს, დიპლომატიურ მანერებსაც ხანდახან დააკვირდნენ. პრეზიდენტი არ პასუხობს ასეთ ძალიან უტაქტო და არაეთიკურ გამოხტომებს მისი მისამართით იმიტომ, რომ არ უნდა ეს ინსტიტუტი აქციოს ასეთი დაბალი დონის პოლემიკის ასპარეზად და უფრთხილდება ქვეყანას. თუ პრეზიდენტს ახლა ვინმე საყვედურობს მთავრობიდან, რომ ნაკლები ძალისხმევა მიმართა, რომ საქართველოს ქვეყნის გარეთ ჰქონდეს მეტი შედეგი, ან მეტი მეგობარი ჰყავდეს, ძალიან სასაცილო იქნება, იმიტომ, რომ მთელი რიტორიკა მთავრობის და მმართველი პარტიის არის ანტიდასავლური. ამიტომ აქ ვინმემ ასწავლოს და მით უმეტეს იმ ყმაწვილებმა, ვინც დიპლომატიის ანაბანა დღემდე ვერ გაიგეს და დიპლომატიის ენა არ იციან და ქვეყანა გახვიეს ამ დიპლომატიურ სკანდალებში, ისინი ვერ ასწავლიან პრეზიდენტს ვის როგორ და როდის უნდა მიულოცოს,“ - ამბობს ეკა ბესელია.