პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ პლატფორმა იქნება იმისთვის, რომ ყველა ვინც ენდობა, მოდით, აქ შევჯერდეთ, როგორი უნდა იყოს მოკლევადიანი, ანუ არჩევნებამდე რა შეიძლება გაკეთდეს და არჩევნების შემდეგ რა უნდა გაკეთდეს, ანუ გრძელვადიანი გეგმა, – ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„პრეზიდენტი მზად არის საკოორდინაციო ევროპულ პლატფორმას უმასპინძლოს. დღევანდელი განცხადებებიც ირაკლი კობახიძის იყო უმწიფრობა, დაელოდოს, როდის გადადგება პრეზიდენტი, პრეზიდენტმა კარგად მიუჩინა თავისი კვადრატი და კარგად გაახსენა, რომ გავრილოვის სავარძლის საზომი არის მისი აზროვნების ტრაექტორია.
რა არის ეს საკოორდინაციო პლატფორმა - კარგი მესიჯია ოპოზიციისთვის, პრეზიდენტმა როცა მიმართა მმართველ პარტიას, მათაც მოუწოდა, ეს არის პლატფორმა, სადაც დაიდება დღის წესრიგი, რომელიც არის ევროკავშირის გზამკვლევი. ეს არის ის პუნქტები, საკითხები, სადაც უნდა მოხდეს პოზიციების შეჯერება პოზიციების განსხვავების მიუხედავად და აქ არ არის მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, მათ შორის, საზოგადოებრივი ჯგუფები და ის დღის წესრიგი, რომელიც ევროპარლამენტში უნდა შეფასდეს და ევროკავშირში შესვლის წინაპირობაა, პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს იქნება ინიციატორი ამ პლატფორმის შექმნით, რომ ყველამ იქ მოიტანოს პოზიცია.
ვიტყოდი, რომ ეს უფრო მეტია, ვიდრე სამუშაო ჯგუფი. პარლამენტში ეს ჯგუფები არ იმუშავებს, ნდობა არ აქვთ და ამიტომაც პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ პლატფორმა იქნება იმისთვის, რომ ყველა ვინც ენდობა, მოდით, აქ შევჯერდეთ, როგორი უნდა იყოს მოკლევადიანი, ანუ არჩევნებამდე რა შეიძლება გაკეთდეს და არჩევნების შემდეგ რა უნდა გაკეთდეს, ანუ გრძელვადიანი გეგმა.
ეს არის ტესტი - ხელის გაწვდენა, შესაძლებლობის გაჩენა არის რა - თუ ხელისუფლება ამბობს, რომ მზად არის ამ პროცესისთვის, ეს შეუძლია გააკეთოს პარლამენტში ან ამ ფორმატში, სადაც პრეზიდენტი იქნება მასპინძელი და კოორდინაციას გაუკეთებს ამ ჯგუფს. სადმე გააკეთოს, ოღონდ გააკეთოს, თუ არ მოვა ამ ფორმატში და ალბათ, არ მოვა, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს მეორე ეტაპი, მეორე სერია - უნდა მოემზადოს დანარჩენი პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივისტები, ჯგუფები, რომ ქვეყანა არ ვითარდება მხოლოდ ოქტომბრამდე 2024 წლის, უნდა მოვემზადოთ ოქტომბრისთვისაც და ოქტომბრის შემდეგ. როგორი იქნება ხედვა მომავალი კოალიციის, ვინც შევა ამ კოალიციაში, ან როგორი უნდა იყოს მომავალი საქართველო, ამაზე ძალიან კონკრეტული შეჯერებაა საჭირო.
მაგალითისთვის ვამბობ, ანტიკორუფციული სამსახური როგორ უნდა მოეწყოს დამოუკიდებლად, რომ ქვეყანაში ეს კორუფციული სქემები დამთავრდეს. მართლმსაჯულების სისტემა - რა შეიძლება გავაკეთოთ არჩევნებამდე და აქ შეიძლება კიდევ ერთი გამოცდა მოვუწყოთ მმართველ პარტიას რისი გამკეთებელია და არჩევნების შემდეგ - თუ არჩევნებამდე არაფერს ცვლის მმართველი პარტია, ეს იმას ნიშნავს, რომ მან კიდევ ერთხელ აქცია ზურგი ევროკავშირს. მაშინ დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი რაზე სჯერდება, რა არის ის მთავარი საკითხები, სადაც მოხდება თანხვედრა და ყველას მოუწევს კომპრომისი იმისთვის, რომ საერთო ხედვა ჩამოყალიბდეს, ეს სწორი სვლაა პრეზიდენტისგან, რომელიც ამზადებს პროცესს არჩევნებისთვის და არჩევნების შემდეგ,“ - ამბობს ეკა ბესელია.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას ოპოზიციას მომავლის ქარტიის - ერთობის პლატფორმა ევროპისთვის შექმნა შესთავაზა. ზურაბიშვილის თქმით, ის მზადაა, პლატფორმის ჩამოყალიბებაში პასუხისმგებლობა აიღოს და მის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.