ვნახოთ რა კომენტარები მოჰყვება „ოცნების“ მხრიდან პრეზიდენტის გამოსვლას - უკვე ღიად გამოსული ივანიშვილი, ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.
„საინტერესო იქნება პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში, რომელიც თებერვლის პირველ კვირაში იგეგმება. დავაკვირდეთ, ვნახოთ რა კომენტარები მოჰყვება „ქართული ოცნების“ მხრიდან, იმიტომ რომ უკვე ღიად გამოსული ბიძინა ივანიშვილი, როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ვერ გადგება გვერდით და ვერ აიცილებს იმ პასუხისმგებლობას, თუ კი პარტიის წარმომადგენლები ისეთივე რიტორიკით გააგრძელებენ პრეზიდენტის მიმართ შეტევას, რომელიც ძალიან ხშირად წითელ ხაზებს, ეთიკას ჰკვეთდა და ზრდილობის სტანდარტებს სცდებოდა. თუ ეს გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ის ამ პროცესის სათავეშია. ამდენად, საინტერესოა ახლა როგორ შეიცვლება „ქართული ოცნების" ლექსიკონი, თორემ პრეზიდენტის მხრიდან მე არ ველოდები ზედმეტ სირბილეს და არც ენის მოჩლექით საუბარს",- განაცხადა ეკა ბესელიამ "ტვ პირველის" ეთერში.