პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ თუ მომავალი პრეზიდენტი რეზიდენციაში აღარ იცხოვრებს, ამით პრეზიდენტის ინსტიტუტი არ დაზიანდება, მაგრამ მეორე საკითხია ის, რომ ეს გამართლებული არ იქნება.

როგორც ამ თემაზე ვახტანგ ძაბირაძემ "აიპრესთან" საუბრისას განაცხადა, თავის დროზე პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობაში ამხელა ფულის გადახდა სისულელე იყო, მაგრამ ახლა მისი სხვა მიზნებისთვის გამოყენება ასევე სისულელე იქნება. 

მისი თქმით, შესაძლოა გაიყოს და ნაწილი პრეზიდენტის საცხოვრებლად იყოს გამოყენებული, ნაწილი პრემიერის, ან რომელიმე სამინისტროს განსათავსებლად.

„ის, რომ შემდეგმა პრეზიდენტმა არ იცხოვროს ავლაბრის რეზიდენციაში, ეს პრეზიდენტის ინსტიტუტს არანაირ საფრთხეს უქმნის. მაგრამ, მეორე საკითხია ის, რომ პრეზდენტის რეზიდენცია არ არის უბრალო შენობა. იქ უამრავი კომუნიკაციაა გასაგები მიზეზების გამო. რა თქმა უნდა თავის დროზე ამ შენობის აშენება და იქ ფულის ჩაყრა რბილად რომ ვთქვათ სისულელე იყო. მაგრამ დღეს არანაკლები სისულელე იქნება, თუ ამ რეზიდენციას რაღაც სხვა მიზნებისთვის გამოიყენებენ. შეიძლება, რომ შენობის ნაწილი დარჩეს პრეზიდენტისთვის, ხოლო ნაწილი ხელისუფლებამ გამოიყენოს სხვა სახელისუფლებო შტოსათვის. ან ნებისმიერი სამინისტრო გაშენდეს, ან რაღაც ასეთი“, - ამბობს ძაბირაძე.

კითხვაზე, რას ფიქრობს სალომე ზურაბიშვილის იდეაზე? რომელმაც თქვა, რომ იქ ან პრემიერმინისტრი უნდა გადავიდეს, ან მაღალი რანგის სტუმრების მისაღებად უნდა იყოს გამოყენებული, ხოლო თუ ის არჩეული იქნება პრეზიდენტად საკუთარ სახლში იცხოვრებს და არა რეზიდენციაში.

ამასთან დაკავშირებით ძაბირაძე ამბობს:

„ვიმეორებ, იქ კომუნიკაციებია. ასე, რომ ასე ხელაღებით გადაცემა რაღაცისთვის, მუზეუმისთვის ან რამე შეხვედრებისთვის არა მგონია სწორი იყოს. პრეზიდენტი ახალი კონსტიტუციითაც სახელმწიფოს მეთაურად რჩება.

პრემიერი შეიძლება გადავიდეს იქ. თუ გაიყოფა ორად და არც ამით უნდა იყოს პრობლემა. მე მგონია, რომ ამ შენობის ჩვეულებრივ რამეში გაყვანა და ან როგორც დაგეგმილი იყო მუზეუმად გადაკეთება, არა მგონია სწორი იყოს. ეს პრობლემა გვაქვს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.