„დიდი სახელმწიფოები კი საკუთარ პოლიტიკას სწორედ ჩვენნაირი პატარა და მეგობარი სახელმწიფოების ხელით ახორციელებენ - ეს იქნება პირდაპირი ომში ჩართვა თუ იდეოლოგიური ბრძოლა“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე წერს.
დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს, რომ საქართველომ, ხელისუფლებასთან ერთად, გაუძლო უკრაინის ომში ჩართვის მცდელობას და მშვიდობა შეინარჩუნა, ამჟამად კი მიმდინარეობს იდეოლოგიური ომი, რაშიც ქართველი ხალხი, მთავრობასთან ერთად, ასევე, გაიმარჯვებს.
„ვინც სწორად აანალიზებს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, აუცილებლად მიხვდება, თუ როგორ ურთულეს პერიოდში უწევს საქართველოს მშვიდობის შენარჩუნება. ამ პოლიტიკურ ძალთა ჭიდილში დიდი სახელმწიფოები იყენებენ ყველა საშუალებას, რათა ხელში ჩაიგდონ გლობალური მართვის სადავეები. დიდი სახელმწიფოები კი საკუთარ პოლიტიკას სწორედ ჩვენნაირი პატარა და მეგობარი სახელმწიფოების ხელით ახორციელებენ - ეს იქნება პირდაპირი ომში ჩართვა თუ იდეოლოგიური ბრძოლა.
საქართველოზე ორივე მიმართულებით ხორციელდება ზეწოლა. ჩვენ გავუძელით უკრაინის ომში ჩართვის მცდელობას და შევინარჩუნეთ მშვიდობა. ამჟამად მიმდინარეობს იდეოლოგიური ომი და ამ ომშიც გავიმარჯვებთ ქართველ ხალხთან ერთად.
გამჭვირვალობის შესახებ კანონი საქართველოს სჭირდება როგორც ჯავშანი, რომ გართულებული მსოფლიო პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი არ გახდეს. ვინც ამას ხვდება, ის ამ კანონს მხარს უჭერს, ხოლო ეწინააღმდეგება ის, ვინც ამას ვერ ხვდება, ან ხვდება და მიზანმიმართულად მოქმედებს. დღევანდელი ოპოზიციისა და მათი ენჯეოების გაშმაგებულ ბრძოლას გამჭვირვალობის წინააღმდეგ, საქართველო სწორედ ამ სამსხვერპლოზე მიჰყავს, რასაც არ დავუშვებთ. ჩვენ გვაქვს სიფრთხილის ვალდებულება ქვეყნის მართვაში და ხალხის მყარი მხარდაჭერა. ამ ბრძოლაშიც სიმართლით გავიმარჯვებთ“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.
ცნობისთვის, 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო
მოგვიანებით კი აქციის მონაწილეებმა დააანონსეს, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 15 აპრილის სხდომაზე განიხილავს.