პარლამენტარების ხელფასებთან დაკავშირებით საზოგადოებაში გავრცელებულ მცდარ მოსაზრებებზე განმარტება გააკეთა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ დღეს პარლამენტში დეპუტატების ხელფასებთან დაკავშირებული შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვისას. როგორც მან აღნიშნა, კარგია საკითხის განხილვა საჯაროდ რომ ხდება, ვინაიდან მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა ინფორმაცია პირველწყაროდან გაიგოს.
„დღეს პარლამენტმა დაიწყო სახელფასო ანაზღაურებაზე საუბარი, არადა, მინდა გითხრათ, რომ საზოგადოება ამაზე პრაქტიკულად ყოველდღე დიდი ხანია საუბრობს და ეს არის იაფი პოპულიზმი, რასაც საზოგადოებას ყოველდღიურად აწვდიან. საუბრობენ ხშირად არასწორად, რომ პარლამენტარს აქვს ყველაზე დიდი ხელფასი, რაც ნამდვილად ასე არ არის. პარლამენტარის ხელფასი, რიგითობას თანხის ოდენობით თუ განვსაზღვრავთ, 100-ით ჩამორჩება იმ დანარჩენი თანამდებობების პირების ანაზღაურებას, ვისაც უფრო მეტი აქვთ ხელფასი. ასევე არასწორია ინფორმაცია, რომ პარლამენტარებს, ყველას ემსახურება მანქანა. მინდა გითხრათ, 60-70 %-ს არ ემსახურება სამსახურებრივი ავტომობილი. ასევე, ხშირად მსმენია და თქვენც გსმენიათ, რომ პარლამენტარები იღებენ პრემიებს.
კარგია, რომ დღეს ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ და საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა, ინფორმაცია პირდაპირ საპარლამენტო დარბაზიდან მოისმინოს. პარლამენტარები, ჩემო მოქალაქეებო, 2012 წლის შემდეგ პრემიებს არ იღებენ, ეს იყო ადრე, როცა ხელისუფლება იყო ნაციონალურ მოძრაობის სახით. ხელფასის ოდენობაზე თუ ვიტყვით, იმდენად შეუსაბამოა ხელფასი სხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებთან შედარებით, რომ ის არათუ ამ საპასუხისმგებლო თანამდებობას ჩამორჩება, არამედ ჩამორჩება ჩემთვის პატივსაცემ მზარეულის ანაზღაურებას. კარგი მზარეული ორჯერ მეტს იღებს, ვიდრე პარლამენტარს აქვს ხელფასი. მაგალითად, კომერციულ ბანკებში, წამყვან ოპერატორს, უფრო მეტი აქვს ხელფასი, ვიდრე პარლამენტარს. მე გული კი არ მწყდება, რომ სხვას უფრო მეტი აქვს ხელფასი, ვიდრე პარლამენტარს, შესაბამისობა უნდა იყოს ქვეყანაში ამ კუთხითაც დაცული.
ჩვენ ამ ცვლილებებით, რაც დღეს შემოთავაზებული იყო პარლამენტში, ჩვენს ხელფასებს კი არ ვიზრდით. რატომ ვუსვამ ამას ხაზს, სოციალურ ქსელში უკვე წამოვიდა ტალღა, რომ პარლამენტარები იზრდიან ხელფასს. არა მეგობრებო, დღეს მოქმედი პარლამენტარები არ ვიზრდით ხელფასს. ჩვენ ვზრუნავთ, რომ შესაბამისობაში მოვიდეს ეს ანაზღაურება მათთვის, ვინც შემდეგ იქნება პარლამენტში, მათი ანაზღაურება მოვიდეს შესაბამისობაში, ხოლო იმას, თუ ვინ იქნება შემდეგ, ამას ხალხი განსაზღვრავს და აქაც არანაირი პირადი გარანტიები არ არსებობს, რომ ვინმე თავის თავზე ზრუნავდეს,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მანვე სხდომაზე გააჟღერა „ხალხის ძალის“ ახალი ინიციატივა, რომელიც პარლამენტარების პენსიის ოდენობას ეხება.
„ჩვენ, რომ ვიყოთ ობიექტურები, ვზრუნავთ ამ საკითხის დარეგულირებაზე, ასევე უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ყოფილ პარლამენტარებს ჰქონდეთ საპენსიო ანაზღაურება სწორად განსაზღვრული და გათვლილი. დღეს კანონპროექტს, რომელსაც ვიხილავთ, ეს საკითხი არ ეხება, ამ საკითხის გაჟღერება არის სწორი და დროც კარგად არის შერჩეული. ყველგან, ქვეყნების უმრავლესობაში მოქმედი პარლამენტარის პენსიის ოდენობა არის ხელფასის 2/3. ჩვენთან კომპენსაციების კანონს ეხება ეს და არა დღევანდელ კანონპროექტს და იქაც წერია 1/3, 1000 ლარიანი ჩამკეტით. 1000 ლარიანი ჩამკეტი უნდა მოიხსნას - ეს არის არა მხოლოდ ჩემი, არამედ „ხალხის ძალის“ პოზიცია. ეს არის ობიექტური გადაწყვეტილება და პარლამენტარებს, რომლებსაც აქვს ძალიან დიდი დამსახურება წარსულში, ვფიქრობ, რომ მათი უფლებები ამ კუთხით უნდა იყოს დაცული და მათი ანაზღაურება უნდა იყოს 1/3, ჩამკეტის გარეშე,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.