გამოძიების საკითხია, რა თანხაა, საიდან არის და რა მიზნით გამოიყენებოდა. ვფიქრობ, საზოგადოებისთვის უმოკლეს დროში იქნება ცნობილი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას .
„ფაქტია, ბოლო პერიოდში აქტიურდება ზეწოლები როგორც განცხადებებით, ასევე რეზოლუციებით, ფულის მოწოდებით, ტროტილებით, „ჰექსოგენებით“ და რევოლუციური გზამკვლევებით. შესაძლოა, ესეც ამ სქემის ნაწილი იყოს, რომ ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა მოხდეს და დესტრუქციულ ოპოზიციას დესტრუქციული ქმედებებისთვის ხელი შეეწყოს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
კითხვაზე, რა კავშირია ხელისუფლების შეცვლასა და 600 მლნ დოლარს შორის, ხუნდაძემ აღნიშნა:
„ვთქვი, რომ შესაძლოა, ეს კავშირი იყოს. ეს უნდა დადასტურდეს გამოძიებით, მაგრამ წრე როცა იკვრება და ისეთი მოცემულობა დგება, რომ ოპოზიციას დესტრუქციისთვის აწვდიან „ჰექსოგენს“, „მოლოტოვის კოქტეილებს“, ამარაგებენ რეზოლუციებით, რევოლუციური გზამკვლევებით, გაკვეთილებით, როგორ უნდა მოახდინონ ე.წ. მშვიდობიანი დამხობა, შესაძლოა, ესეც ამ სქემის ნაწილი იყოს. გამოძიების საკითხია, თუ ვინმე მფარველობდა. მით უმეტეს, მაშინ, როცა ხაზი მიდის დესტრუქციისკენ, რომელიც დესტრუქციულ ოპოზიციას ახასიათებს. რა თქმა უნდა, პასუხისგების გარეშე არავინ დარჩება. არ არის ახალი, რომ მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები ფულით, ასაფეთქებლებით და რეზოლუციებით გარედან მარაგდებიან. ვფიქრობ, კვალი შეიძლება იგივე იყოს“.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 2022-2024 წლებში განხორციელებული უპრეცედენტო ოდენობის – 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.