არჩევნების გაყალბების გზით თუ შეეცდებიან ხელისუფლებაში დარჩენას, ბუნებრივია, სათანადო პროტესტი იქნება, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსთან“ განაცხადა.
„მათი მხრიდან ბოლო კვირებსა თუ დღეებში პროვოკაციებს ველი იმისთვის, რომ მოხდეს ოპონენტების დემორალიზაცია, „ფეიკ“ ჩანაწერები იქნება, თუ უფრო უარესი, მაგრამ მგონია, იმდენად მოიჭრეს თავი, იმდენად აღარ სჯერა მოსახლეობას მათეული მოვლენების ინტერპრეტაციის, რომ ეს ხრიკი არ უნდა გამოუვიდეთ. მჯერა, ოპოზიციის შიგნით მოხერხდება არჩევნებამდე სათანადო კოორდინაციით მისვლა, არჩევნების დღეს და ღამეც შტაბების დონეზე გვაქვს ოპოზიციურ პარტიებთან ურთიერთობა, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ხმების დაცვის სისტემა. საერთაშორისო ორგანიზაციის პოზიციებიც მნიშვნელოვანია.
არჩევების გაყალბების გზით თუ შეეცდებიან ხელისუფლებაში დარჩენას, მაშინ ბუნებრივია, სათანადო პროტესტი იქნება. კონსტიტუციური ჩარჩოები იმიტომ არსებობს, რომ ამ ჩარჩოებში ყველა უფლება იყოს გამოყენებული მათ შორის, პროტესტი, საჩივარი და ასე შემდეგ. ვერ ვხედავ იმ სცენარს, რომელშიც ხელისუფლება გაიმარჯვებს“,- აღნიშნა უსუფაშვილმა.