არავითარ შემთხვევაში არ წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციაზე, სპეცსამსახურებთან, პოლიციასთან დავიკავოთ ორმეტრიანი დისტანცია, - ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მყოფ მოქალაქეებს პარლამენტის პლენარული სხდომიდან და განმარტა, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ყოველგვარ პროვოკაციაზე წამსვლელია.

"გუშინ რუსთაველზე დავდიოდი და თვალს ვერ ვუსწორებდი, რომ ამ ახალგაზრდებს ამის გადატანა უწევთ. მათ მივმართავ, რომ არავითარ შემთხვევაში არ დავიღალოთ, არავითარ შემთხვევაში არ წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციაზე. სპეცსამსახურებთან, პოლიციასთან დავიკავოთ ორმეტრიანი დისტანცია და ჩვენი დგომით, ჩვენი სიმტკიცით, სიმართლით, პრინციპულობით მოვიგოთ ეს ბრძოლა. სამწუხაროდ კვლავაც მოგვევლინა ხელისუფლება, რომელიც წამსვლელია პროვოკაციაზე იმიტომ, რომ მას სიმართლის დამალვა უნდა, თავისუფალი სამყარო რასაც გვეუბნება იმის წაშლა უნდა, სამშობლოს სამსახურში მყოფი ადამიანების სახელმწიფოს მტრებად გამოცხადება უნდა. ამიტომ, ფრთხილად, მტკიცედ, კანონის ფარგლებში და ყოველგვარ პროვოკაციას გავუმკლავდებით, გავიმარჯვებთ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.