დეტალებში გავაანალიზე ეს კანონპროექტი-მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ საზოგადოების ნეგატიურმა დამოკიდებულებამ მიმაღებია გადაწყვეტილება -  ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ „ტვ პირველთან“ ისაუბრა.

„ყველას აქვს უფლება და უფრო მეტის ვალდებულება, რომ  თავისი პოზიცია გამოხატოს. ვხედავდი, რომ ევროკავშირი, აშშ, საზოგადოების დიდი ნაწილი ნეგატიურად უყურებდა ამ ყველაფერს. მართალი გითხრათ, დეტალებში შევედი და გავაანალიზე ეს კანონპროექტი-მეთქი ვერ გეტყვით, არ მაქვს მაგის კომპეტენცია, მაგრამ ვხედავდი აი ამ დამოკიდებულებას და ალბათ ეს იყო გადაწყვეტილების საფუძველი“- აღნიშნა დავით სერგეენკომ.

სერგეენკო პოლიტიკიდან წასვლას აანონსებს და ამბობს, რომ "რაც არ უნდა მოხდეს" ეს ბოლო მოწვევის პარლამენტია რომელშიც იქნება.

"მირჩევნია ექიმად ვიმუშაო. ცალსახად, მე-10 მოწვევა ბოლო მოწვევაა, როცა მე პარლამენტში, საჯარო სამსახურში და პოლიტიკაში ვარ. საბოლოო ჯამში ახლა იქნება თუ პარლამენტის ვადის დასრულების შემდეგ, ვფიქრობ, პროფესიას დავუბრუნდები",- აღნიშნა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ 7 მარტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატმა, მათ შორის, დავით სერგეენკომ.