რა მძიმე მოსასმენია, ქვეყანა, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების კუთხით ლიდერად უნდა ითვლებოდეს და იყოს საკმაოდ მაღალი სტანდარტის, აკეთებს განცხადებებს, რომლებიც არა თუ სცილდება დემოკრატიულ სტანდარტს, არამედ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშეა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ მიხეილ ჩინჩალაძისა და ლევან მურუსიძის მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, როგორც სხვა სანქციებს, აღნიშნულ სანქციებსაც ნულოვანი შედეგი აქვს.

„მტკიცებულებების გარეშე როცა თავს უფლებას აძლევს, დიდი ბრიტანეთის კონკრეტულმა უწყებამ რაიმე ფორმით მიიღოს გადაწყვეტილება, ესეც მიუთითებს იმ ძალიან მძიმე მდგომარეობაზე, რა მდგომარეობაშიც დღეს „დიფ სთეითი“ იმყოფება. ამ კუთხითაც ნათელია, რომ უარგუმენტო და არაფრის მომცემმა ე.წ. სანქციებმა, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ადმინისტრაციისგანაც ისმოდა, ვერანაირი შედეგი ვერ მოიტანა, ამ შემთხვევაშიც ამას აქვს ნულოვანი გავლენა და შედეგი, ადაატურებს იმ გარემოებას, რომ, სამწუხაროდ, დემოკრატიული პრინციპით მტკიცებულების მოპოვების სტანდარტისგან საერთოდ დაცლილია არა მხოლოდ ეს განცხადება, არამედ ის უმეტესი წიაღსვლები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მიმართ მიმდინარეობს“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, კორუფციაში ჩართულობის ბრალდებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, ჩინჩალაძე და მურუსიძე შეყვანილი არიან ე.წ. გლობალური ანტიკორუფციული რეგულაციების დამრღვევ პირთა სიაში. ამ სიაში მყოფ პირებს უწესდებათ ფინანსური სანქციები, კერძოდ, გაეყინებათ ფინანსური აქტივები და ეკონომიკური რესურსები. ამასთან, აღნიშნულ პირებთან ფინანსური საქმიანობა იკრძალება, ხოლო სანქციების დარღვევა ან მათთვის თავის არიდება ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად.