„ლელომ“ გაზომოს საკუთარი რეიტინგები, რამდენი უჭერს მხარს. თუ ობიექტურად მიუდგებიან ამ საკითხს, შეიძლება პოლიტიკურ სპექტრში მარტო ყოფნაზეც თქვან უარი, რადგან რეალურად არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ განცხადება უცხოელი პატრონებისთვის გამიზნული ინფორმაციაა და ამას შედეგი არ მოჰყვება.
„ძალიან საშიშები იქნებიან მარტო დანარჩენი პოლიტიკური სპექტრისთვის, ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. ერთად რა გააკეთეს, რომ ცალკე რამე მოახერხონ? ამ საკითხს სერიოზულად რომ მივუდგეთ – თუმცა რამდენად იმსახურებს „ლელო“ სერიოზულ პასუხს, ცალკე საკითხია – ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის და პოლიტიკური პარტიისთვის ამოსავალი წერტილი საზოგადოების მხარდაჭერაა. თუ საზოგადოების მხარდაჭერა არ გაქვს, მაშინ რა გინდა პოლიტიკაში?
„ლელომ“ გაზომოს საკუთარი რეიტინგები, რამდენი უჭერს მხარს, რა რეიტინგი აქვს და თუ კი ობიექტურად მიუდგებიან ამ საკითხს, შეიძლება პოლიტიკურ სპექტრში მარტო ყოფნაზეც თქვან უარი, რადგან რეალურად არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ. ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, ნულს რომ ნული დავუმატოთ, არის ნული. ბუნებრივია, საკუთარი თავის გადარჩენისთვის და ალბათ უცხოეთიდან მათი პატრონებისთვის გამიზნული ინფორმაციაა და მას არანაირი რეალური შედეგი არ მოჰყვება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, „ძლიერმა საქართველომ – ლელომ“ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ პარტია მზად არის საერთო ეროვნულ ინტერესებზე თანამშრომლობისთვის, თუმცა პოზიციონირებას გააგრძელებს, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი.








