ჩვენ გვაქვს ძალიან სწრაფი სისტემა სანქციების ამოქმედების, მაგრამ საქართველო მეგობარია და ჯერ გაფრთხილებით შემოვიფარგლებით - ამის შესახებ უკრაინის მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა, დავით არახამიამ „მთავარის“ ეთერში განაცხადა.
„დაახლოებით 6 თვის წინ ჩვენთან ადმინისტრაციული სასამართლოს მოსამართლე დაასანქცირეს, მეორე დღესვე პარლამენტი შეიკრიბა, ეს სასამართლო დახურა და ეს მოსამართლე დაითხოვა. როდესაც გავიგე, რომ ქართველი მოსამართლეებიც დაასანქცირეს, მეგონა იგივე მოხდებოდა, მაგრამ მართლა შოკში ვიყავი, როდესაც ვნახე, რომ პარტიის ლიდერშიპი გადაეფარა ამ მოსამართლეებს, პრემიერი მივიდა მათთან და უთხრა, რომ დაიცავს. ვფიქრობ, რომ იქნება დამატებითი სანქციები ამ დამნაშავე ორგანიზაციის წევრების წინააღმდეგ.
მოგზაურობის აკრძალვა ეს არის პირველი და მარტივი სიგნალი ქვეყნისთვის, რეალური პრობლემები გაქვთ. ძალიან დიდი ცინიზმი და ბოროტებაა შენს შვილებს კოლუმბიაში, პენსილვანიაში აძლევდე განათლებას და ქართველ ხალხს ამის საშუალებას უსპობდე. თუ ასე ძალიან გინდათ რუსეთში, მოსკოვში გაუსვით თქვენი შვილები.
ახლა რუსები ცდილობენ სანქციების თავის არიდების მექანიზმის შემუშავებას და ჩვენ ამ ხვრელების ამოქოლვაზე ვმუშაობთ. საქართველოდან ამ ჯგუფის ყურადღების ცენტრში ივანიშვილის გარემოცვის 6 წევრი მოხდა. ვინმე უჩა, ვინმე შმაგი, ვინმე ვანო ჩხარტიშვილი, ჩვენ გავაგზავნეთ სიგნალი მათი მისამართით, ამიტომ ჯერჯერობით არ ვახდენთ ზეწოლას ამერიკელების მსგავსად, ჯერ უბრალოდ ვაფრთხილებთ, რომ რადარზე არიან, რომ ქართველები უკრაინელების მეგობრები არიან, არ გვინდა პირდაპირ ცეცხლი გავუხსნათ მათ, ვაძლევთ შანს რომ ვითარება გამოასწორონ. ჩვენ ვეუბნებით, რომ გხედავთ, ნუ გააგრძელებთ ამის კეთებას, თორემ სანქციები იქნება ამერიკიდან, ევროპიდან, კანადიდან და ავსტრალიიდან.
ჩვენ გვაქვს ძალიან სწრაფი სისტემა სანქციების ამოქმედების, მაგრამ ვიმეორებ, საქართველო მეგობარია და ჯერ გაფრთხილებით შემოვიფარგლებით. გამოვაქვეყნეთ საიტზე, მაგრამ ისინი არ რეაგირებენ. გამოვიყენებთ თქვენს მიერ მოცემულ შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ მივმართავ მათ - ბიჭებო, თქვენ დაკვირვების ქვეშ ხართ და თუ არ შეცვლით ტაქტიკას, დასანქცირდებით“ - განაცხადა არახამიამ.