პარლამენტში, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა უნდა დაიწყოს ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც  კანონპროექტების განხილვა უნდა დაიწყოს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს არ უშვებენ. პარლამენტში მისული მოქალაქეები საკომიტეტო სხდომათა დარბაზში შესვლას ითხოვენ და ფიზიკური დაპირისპირება სწორედ ამას მოჰყვა. მათ სცადეს, რომ მანდატურის სამსახურის კორდონი ძალის გამოყენებით გაერღვიათ.

ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა თავდაპირველად პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში იყო დანიშნული, თუმცა, საკომიტეტო მოსმენის ადგილი შეიცვალა და ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში გადაინაცვლა.

პარლამენტის მანდატურის სამსახური კომიტეტის სხდომაზე არც ოპოზიციონერ დეპუტატებს უშვებს და ჟურნალისტებსაც უზღუდავს სხდომის გაშუქების საშუალებას.