შენ ხარ ტიპური, კლასიკური მოღალატე, ნაძირალა, არაკაცი, - ასე მიმართა "ხალხის ძალის" დეპუტატმა დაჩი ბერაიამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაშინ, როცა ოპოზიციონერი დეპუტატი  საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენის ფორმატში, სიტყვით გამოდიოდა.

„რამდენს ლაპარაკობს ეს მოღალატე. ვერ ხვდები, რომ მოღალატე ხარ? რამდენს გიხდიან ქვეყნის ღალატისთვის, თუ უფასოდ ღალატობ? შენ ხარ ტიპური კლასიკური მოღალატე, ნაძირალა, არაკაცი“, - მიმართა ადგილიდან დაჩი ბერაიამ გიორგი ვაშაძეს.

დაჩი ბერაიას გაღიზიანებამდე, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ემიგრანტებს საკონსულო აღრიცხვაზე აყვანასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ და კითხვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრს, თუ რატომ არ აჰყავს ემიგრაციაში მყოფი ემიგრანტები საკონსულო აღრიცხვაზე. ვაშაძის კითხვის პასუხად, თავდაპირველად დეპუტატი ირაკლი (დაჩი) ბერაია აღშფოთდა, რომელმაც ვაშაძეს მიმართა, თუ რატომ არის მოღალატე.

"ხალხის ძალის" დეპუტატების გიორგი ვაშაძესთან  სიტყვიერ დაპირისპირებაში,  უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძეც ჩაერთო.