მე არ მაქვს აღმასრულებელი უფლებამოსილებები... სამწუხაროდ. -  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  CBS NEWS-თან, გდაცემაში "60 წუთი" განაცხადა. 

დღეს მოვუსმენთ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს; პარიზში გაზრდილი ქართველი ლტოლვილების ქალიშვილი ამბობს, რომ პუტინმა საქართველოში „ჩუმი შემოჭრა“ დაიწყო, რათა გააფართოოს რუსული გავლენები.

***

უკვე მესამე წელია რუსეთი ომს აწარმოებს უკრაინაში, როგორ აისახება ეს ომი საქართველოზე და აქ ცხოვრებაზე? 

პრეზიდენტი: ეს, რა თქმა უნდა, შეხსენებაა იმისა, რაც ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა და ფაქტია, რომ ეს ყოველთვის პირდაპირი საფრთხეა. უკვე რეალობაა, რომ რუსეთი ნიადაგს ტესტავს.

თქვენ ფიქრობთ, რომ რუსები საქართველოში ნიადაგს ახლა ამოწმებენ?

პრეზიდენტი: დიახ, ახლა.

როგორ?

პრეზიდენტი: აქ, მათი მარტივი გზა, ჰიბრიდული ომია.

***

ვლადიმერ პუტინი უკრაინაში 2022 წელს შეიჭრა. სხვა მიზეზებთან ერთად, მან თქვა, რომ ეს, იქ [უკრაინაში] მცხოვრები რუსების დასაცავად გააკეთა. პრეზიდენტი ზურაბიშვილი შიშობს, რომ პუტინს მსგავსი კამპანიის განხორციელება საქართველოშიც შეუძლია.

უკრაინაში ომის დაწყებიდან საქართველო 100 ათასი რუსის სახლი გახდა.

პრეზიდენტი: ძალიან გამაღიზიანებელია, როცა შენს ქვეყანაში გყავს ხალხი, რომელიც მტრის ენაზე საუბრობს და რომელთაც სჯერათ, რომ საკუთარ სახლში არიან.

რუსებს სჯერათ რომ სახლში არიან?

პრეზიდენტი: ისინი ისე იქცევიან და სჯერათ ამის, რომ საკუთარ სახლში არიან. ასე რომ, უნდა შენარჩუნდეს ზღვარი, რათა მომავალში არ გვქონდეს ისეთი ინციდენტები, რომლებიც რუსეთს საშუალებას მისცემს გამოიყენოს თავისი საყვარელი დოქტრინა - რუსულენოვანი მოქალაქეების დაცვის შესახებ.

მაშ რატომ არ ამბობს საქართველო: არა რუსებს საქართველოს საზღვრებში!

პრეზიდენტი: ეს ხელისუფლების საკითხია.

არ ხართ თქვენ ხელისუფლება?

პრეზიდენტი: მე არ მაქვს აღმასრულებელი უფლებამოსილებები... სამწუხაროდ.

****

ქალაქში ხშირია ანტირუსული და უკრაინის მხარდასაჭერი გრაფიტები, რომლებზეც გამოხატულია საქართველოს დროშა ევროკავშირის, აშშ-სა და ნატო-ს დროშებთან ერთად.

საქართველოს საზოგადოების 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, ისევე როგორც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მისი ქვეყანა საპარლამენტო მმართველობაზე გადადის, მისი პოსტი ცერემონიალური გახდა.

მას შემდეგ, რაც ის ევროპაში წავიდა, რათა ეცადა და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობისათვის გზა გაეკვალა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მას კონსტიტუციის დარღვევაში დასდო ბრალი, აუკრძალა ევროპაში მოგზაურობა და შეეცადა მის იმპიჩმენტს, მაგრამ მარცხი განიცადა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დემონსტრაციულად განაგრძო ლიდერებთან შესახვედრად საკუთარი სახსრებით ფრენები ევროპაში.

ისე ჩანს, რომ პრემიერ-მინისტრი არ არის დაინტერესებული ევროკავშირში გაწევრიანებით?

პრეზიდენტი: ეს ის კითხვაა, რომელსაც მთელი საზოგადოება სვამს: - ეს [ევროკავშირში გაწევრიანება] ისაა, რაც მათ [მთავრობას] ნამდვილად სურს, თუ ეს მხოლოდ სიტყვებია?

ეს გადამწყვეტი მომენტია. ფიქრობთ, რომ დასავლეთი, განსაკუთრებით კი, აშშ საკმარისად გულისხმიერი და მხარდამჭერია ამ მომენტში საქართველოს მიმართ?

პრეზიდენტი: ასე არ ვფიქრობ და მე ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან. უკვე 5 წელია პრეზიდენტი ვარ და ამ დროის განმავლობაში, მე ვერ შევძელი საპრეზიდენტო დონის შეხვედრები - იქნებოდა ეს [აშშ-ს] პრეზიდენტთან, თუ ვიცეპრეზიდენტთან... სატელეფონო საუბარიც კი. მესმის, რომ არსებობს უფრო მწვავე გამოწვევები, მაგრამ ვფიქრობ, რომ მეტი საჯარო აღიარებაა საჭირო.

რისი აღიარება?

პრეზიდენტი: აღიარება იმისა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ვიცი, რომ ეს ის რიტორიკა, რომელსაც აშშ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან იყენებს, თუმცა ამის გამეორება უმაღლეს დონეზე საქართველოს მოსახლეობისათვის ძალიან მრავლისმეტყველი და მნიშვნელოვანი იქნება.

ევროკავშირმა გაწერა მოთხოვნების სია საქართველოსთვის, რომელიც საჭიროა კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ეს მოთხოვნები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასა და ადგილობრივი ოლიგარქების ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შემცირებას ითვალისწინებს. გადაწყვეტილებას წლის ბოლოსთვის ელოდებიან. 

რა მოხდება თუ ევროკავშირი უარს ეტყვის საქართველოს?

პრეზიდენტი: ეს რუსეთის დიდი გამარჯვება იქნება.

გამარჯვება, რომელსაც ვალია ვანიშვილი არ თმობს და უარს ამბობს, რომ ის [რუსებს] უბოძოს. 87 წლის ასაკში ის რჩება თავის პოზიციაზე თავისთვის და თავისი ქვეყნისათვის.