ყველასათვის ცხადია, რომ ომში ჩართვის შემთხვევაში, საქართველო უკრაინაზე მძიმე შედეგსაც კი მიიღებს. ამ შედეგის თავიდან აცილება არის უპირველესი ამოცანა, რომელიც 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მორიგი გამარჯვებით საბოლოოდ გადაიჭრება. - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"გლობალური ომის პარტია სარგებლობს მნიშვნელოვანი გავლენით დღევანდელ ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიაზე, რაც ქართულ საზოგადოებაში ქმნის აღქმას, რომ საქართველოს კონფლიქტი ამერიკის სახელმწიფოსთან და ევროკავშირთან აქვს. თუმცა, როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ინტერესები შეიცვლება და ეს აღქმაც მყისიერად გაქრება.
გლობალური ომის პარტიის სურვილი ცხადია. რადგან დარწმუნდნენ, რომ ომში არ ჩავერთვებით და საქართველოს უკრაინის ბედის გაზიარებისთვის ვერ გავწირავთ, მათ აქვთ ბოლო მცდელობა, ხელისუფლებაში დააბრუნონ აგენტურა, უსამშობლო ადამიანების ერთობა, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამ ნაბიჯს დავალების მიღებისთანავე გადადგამს. სწორედ ამიტომ ლობირებენ ისინი ძველ და ახალ „ნაციონალურ მოძრაობას“ - სააკაშვილს, გვარამიას, ზურაბიშვილს, ხაზარაძეს, გახარიას, ბოკერიას და სხვა უსამშობლო პოლიტიკოსებს, რომლებიც ნებისმიერი დავალების შესრულებაზე მოაწერენ ხელს. „ან იომებთ ან წახვალთ“ - ეს არის ყოვლად მიუღებელი დამოკიდებულება, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბერს სათანადო პასუხს გასცემს.
ყველასათვის ცხადია, რომ ომში ჩართვის შემთხვევაში, საქართველო უკრაინაზე მძიმე შედეგსაც კი მიიღებს. ამ შედეგის თავიდან აცილება არის უპირველესი ამოცანა, რომელიც 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მორიგი გამარჯვებით საბოლოოდ გადაიჭრება.
გადასატანი გვრჩება მაქსიმუმ ერთი წელიწადი, რის შემდეგაც, ფუნდამენტურად შეიცვლება როგორც გლობალური და რეგიონული პოლიტიკური ინტერესები, ისე ინტერესები კონკრეტულად საქართველოს მიმართ. უკრაინაში მიმდინარე ომი ყველაზე გვიან ერთ წელიწადში დასრულდება, ხოლო, თუ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც კი შეიძლება დასრულდეს. შესაბამისად, მთავარია, ეს მცირე დროც მოვიგოთ და როგორც კი ომი დასრულდება, ამერიკასთან და ევროპასთან ყველა გაუგებრობა დაუყოვნებლივ წარსულს ჩაჰბარდება და საქართველო გლობალური პოლიტიკის მოთამაშეებისთვის სრულიად განსხვავებული ინტერესის საგანი გახდება.
საქართველო თანმიმდევრულად ვითარდება, მათ შორის, ძლიერდება მისი სტრატეგიული ეკონომიკური დატვირთვა. ისტორიულად, საქართველო ერთმანეთს აკავშირებდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ევროპასა და აზიას. ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ გამოვკვეთოთ საქართველოს როლი შუა დერეფნის პროექტში. მინდა მადლობა გადავუხადო ჩინეთის ხელისუფლებას, რომელმაც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატა. ეს არის შედეგი, რომლისთვისაც „ქართული ოცნების“ გუნდი და პირადად მე წლების მანძილზე ვქმნიდით საფუძველს.
აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩინეთთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება არ არის ალტერნატივა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის. პირიქით, ეს არის შემავსებელი ფაქტორი იმ საერთო თანამშრომლობისთვის, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში უნდა გაღრმავდეს. იმისათვის, რომ საქართველომ განავითაროს საკუთარი დამაკავშირებელი სავაჭრო-ეკონომიკური ფუნქცია, აუცილებელია თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ორივე მხარესთან - დასავლეთთან და აღმოსავლეთთან. დარწმუნებული ვარ, უკვე მომავალ წელს, საქართველოს ხელისუფლების ამ ძალისხმევას დასავლეთშიც დააფასებენ. დარწმუნებული ვარ, ყველა გაიაზრებს იმასაც, რომ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებით ჩვენ, ქართულ საქმესთან ერთად, მათი საქმეც გავაკეთეთ.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის რეფერენდუმი. ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, მონობასა და ღირსებას შორის, ბნელ წარსულში დაბრუნებასა და წინსვლას შორის, სრულ უპერსპექტივობასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა დაუჭერს მხარს მშვიდობას, ღირსებასა და კეთილდღეობას, რაც ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენის და მისი ევროპული მომავლის საწინდარია.
მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ - ეს არის ერთადერთი უალტერნატივო არჩევანი, რომელსაც ქართველ ამომრჩეველს „ქართული ოცნება“ სთავაზობს." - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.