მინდა მადლობა გადავუხადო ჩინეთის ხელისუფლებას, რომელმაც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატა. ეს არის შედეგი, რომლისთვისაც „ქართული ოცნების“ გუნდი და პირადად მე წლების მანძილზე ვქმნიდით საფუძველს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩინეთთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება არ არის ალტერნატივა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის. პირიქით, ეს არის შემავსებელი ფაქტორი იმ საერთო თანამშრომლობისთვის, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში უნდა გაღრმავდეს. იმისათვის, რომ საქართველომ განავითაროს საკუთარი დამაკავშირებელი სავაჭრო-ეკონომიკური ფუნქცია, აუცილებელია თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ორივე მხარესთან - დასავლეთთან და აღმოსავლეთთან. დარწმუნებული ვარ, უკვე მომავალ წელს, საქართველოს ხელისუფლების ამ ძალისხმევას დასავლეთშიც დააფასებენ. დარწმუნებული ვარ, ყველა გაიაზრებს იმასაც, რომ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებით ჩვენ, ქართულ საქმესთან ერთად, მათი საქმეც გავაკეთეთ.“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.