როგორც თქვენთვის კარგადაა ცნობილი, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბიძინა ივანიშვილი ანგარიშსწორებით საჯაროდ დაემუქრა გიორგი გახარიასა და მის გუნდს. გუშინ, გიორგი გახარია იმყოფებოდა ბათუმში, დაკავებული ახალგაზრდების და ჟურნალისტების, რეჟიმის სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად. - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის“ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
"ივანიშვილის დავალებით, რომელიც ყველა უღირსი მეთოდით ცდილობს რეჟიმის გადარჩენას, ღამის საათებში, სასტუმრო „შერატონის“ ლობიში გიორგი გახარიაზე განხორციელდა ორგანიზებული თავდასხმა. თავდასხმისას, გიორგი გახარია იმყოფებოდა მარტო, რა დროსაც მას ლაჩრულად, როგორც ეს მათი ცხოვრების წესია, თავს დაესხა 10-მდე პირი.
სასტუმრო „შერატონის“ მთელი პერიმეტრი, აღჭურვილია ვიდეოსამეთვალყურეო საშუალებებით, რაც სასტუმროს ადმინისტრაციამ ზეპირსიტყვიერად ადგილზევე დაგვიდასტურა და მზაობა გამოხატა მათი გამოძიებისთვის გადასაცემად.
სამართალდამცავებს უკვე შეუძლიათ ამ დანაშაულის 24 საათში გახსნა, შესაბამისად, ველოდებით გამოძიების შედეგებს. დანარჩენზე ვისაუბრებთ ამის შემდეგ.
გიორგი გახარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, მკურნალობს სახლში.
ჩვენი ბრძოლა ამ მოძალადე რეჟიმის დასამარცხებლად გრძელდება გამარჯვებამდე. ორგანიზატორსა და თავდამსხმელებს, აბსოლუტურად ყველა მათგანს გაეცემა შესაბამისი პასუხი." - განაცხადა ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერის თავდასხმის ფაქტზე როგორ "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რას ძალადობას გულისხმობს.
გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავს დაესხნენ.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება.
როგორც კლინიკის სასწრაფო დახმარების განყოფილების უფროსმა, ჯუმბერ ბოლქვაძემ განუცხადა, გიორგი გახარიას სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა და საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა.
„მოქალაქე მოიყვანეს 02:34 წუთზე, სახის არეში ჰქონდა დაზიანებები. მისი გადმოცემით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩაუტარდა კვლევები, მდგომარეობა იყო საშუალო სირთულის და გაეწერა კლინიკიდან. საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა. კონტაქტური და ადეკვატური იყო. ცხვირის ძვლების მოტეხილობა აღენიშნებოდა, მაგრამ საოპერაციო, მძიმე შემთხვევა არ იყო“, – განაცხადა ექიმმა.