„რისთვის მივისწრაფვით ევროპაში - გვინდა, რომ იყოს მეტი თავისუფლება, განათლება და მეტი შემოსავალი. თუ გვინდოდა ჩაკეტილი ვყოფილიყავით და რკინის ფარდა ყოფილიყო, კი ვცხოვრობდით ასეთ ქვეყანაში 70 წელი“, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გამოსვლის შემდეგ.
მიგრაციის საკითხებზე საუბრისას, ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, რომ ახალი შესაძლებლობები - შენგენის ზონაში გაერთიანება და ვიზალიბერალიზაცია აჩენს მეტ შესაძლებლობებს და მიმოსვლის გაადვილება, თავის მხრივ, ზრდის მიგრაციას.
„ვის უხარია, რომ შრომისუნარიანი ახალგაზრდები მიბრძანდებიან სამუშაოდ, მაგრამ მოდით მათაც ვკითხოთ. ადამიანს, რომელსაც ერთი და იგივე პროფესიაში, საქართველოში, ეკონომიკიდან გამომდინარე, აქვს 5-ჯერ ნაკლები ხელფასი, როგორ შეიძლება აუკრძალო, რომ სადმე წავიდეს. ამის პრევენცია კი, ეკონომიკის ზრდაა, ის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც ფაქტია.
შენგენის ზონაში გაერთიანება და ვიზალიბერალიზაცია, მეტი თავისუფლება და მეტი შესაძლებლობა იძლევა სტატისტიკას და ფაქტობრივად აკეთებს იმას, რომ ადამიანები ეძებენ უკეთეს სამუშაოს და ბუნებრივად, ისინი მიგრირდებიან საკუთარი ქვეყნიდან და ამას, მათ შორის, ევროპული კომისიის ანგარიშზე დაყრდნობით ვამბობ.
მიგრაციას მსოფლიო ტრაგედიას აღარ ეძახის, გაგებით ეკიდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ხელები ჩამოუშვას და არ იმუშაოს ეკონომიკის განვითარებაზე. ვფიქრობ, ამაში, როგორც მინიმუმ, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს და მთავრობის სხვა წევრებს, თუ პარლამენტის წევრებს, ბრალს ვერავინ დაგვდებს“, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.