„საკონსულოების ნაკლებობას განიცდის ქართული ოპოზიცია. სად და რამდენი საკონსულო უნდა გავხსნათ თქვენი აზრით? ყველგან სადაც ბევრი ქართველია შეკრებილი? წარმოიდგინეთ რა დღეში ჩავარდება ირლანდია, ისრაელი, ჩვენი მეზობელი სომხეთი? აშშ-ში ქართველობა წარმოდგენილია ორმოცზე მეტ შტატში, ოთხმოცზე მეტ ქალაქში. იტალიაში ქართველობა გადანაწილებულია რეგიონების მიხედვით თხუთმეტზე მეტ ქალაქში, საბერძნეთში ასევე ჩვენი მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილებული არიან ოცზე მეტ ქალაქში.

ვსაუბრობ იმ დიასპორებზე, რომლებიც ასეულ ათასობით არიან წარმოდგენილი ამ ქვეყნებში. შეგახსენებთ, არჩევნები, ტარდება კონვენციის ჩარჩოებში, საქართველოს იურისდიქციის არეალში და ასეთად საზღვარგარეთ მხოლოდ საელჩო და საკონსულო განიხილება“, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ პლენარულ სხდომაზე.

 მან თავის გამოსვლაში ასევე სხვადასხვა დროს საქართველოში გამართულ არჩევნებში დიასპორის მონაწილეობის სტატისტიკაზე გაამახვილა ყურადღება. ბექა ოდიშარიას თქმით, დღეისათვის, 2020-24 წლის მონაცემებით, საკონსულო აღრიცხვაზე  62 ათასი მოქალაქე იმყოფება. მისივე განცხადებით ჩვენი ქვეყნის საარჩევნო კოდექსი  და ზოგადად მიდგომები სულ უფრო მოქნილი და ლოიალური ხდება უცხოეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისათვის.

 „ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეგვყავს კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფი ყველა ამომრჩეველი, რომელიც საქართველოს საკონსულოს აღრიცხვაზე დგას. აგრეთვე ამომრჩევლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან საზღვარგარეთ და თუნდაც არ დგანან საკონსულოს აღრიცხვაზე, ასევე ის  ამომრჩევლები, რომლებიც არ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, არ არიან რეგისტრირებული საზღვარგარეთ, მაგრამ არჩვენების დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საოქმო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან საქართველოს საკონსულო დაწესებულებებში.

სხვაგვარად არ შეიძლება. დაცული უნდა იყოს არჩევნების დემოკრატიული პროცესი, ზოგადად უსაფრთხოება მათ შორის ამომრჩეველთა უსაფრთხოება   და გათვალისწინებული უნდა იყოს ადგილსამყოფელი ქვეყნის პოლიტიკა და მიდგომა ასეთი პროცესებისადმი“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ თავის გამოსვლაში.

 კომიტეტის თავმჯდომარემ მიგრაციის პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების და მთავრობის პირობებში დრამატულად სწრაფად გაიზარდა ეკონომიკა და ასევე მზარდია ეკონომიკური მაჩვენებლები რეგიონის ჭრილში.

 მან ასევე მოუწოდა ოპოზიციონერ კოლეგებს, თუკი მართლაც აღელვებთ დიასპორის ბედი, იაქტიურონ, კომიტეტთან ერთად იმუშაონ და იზრუნონ თანამოქალაქეებზე. „მიგრაციის თემაზე, რომელიც თქვენ ახლა, წინასაარჩევნოდ წამოწიეთ, ჩვენ პერმანენტულად, მუდმივად, რუტინულად  ვმსჯელობთ და თუ მოხვალთ და ჩვენთან იმსჯელებთ, ეს მხოლოდ წაადგება ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.