სულ ერთია, რას ილაპარაკებს ჩვენზე ეკა გიგაური, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ საქართველოს სახელით სალაპარაკოდ კონგრესში ორპროცენტიანი მხარდაჭერის მქონე სექტორის წარმომადგენელი მიჰყავთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ეკა გიგაური უპასუხებს იმ კითხვებს, რისი მოსმენაც სურთ კონკრეტულ სამსახურებს.
„აშშ-სგან ველოდებით, რომ დაიბარებს მათ აქტივს ეკა გიგაურის სახით და დაუსვამს იმ კითხვებს, რომლებიც, ფაქტობრივად, წინასწარ ექნებათ გავლილი. ეკა გიგაური უპასუხებს იმას, რისი მოსმენაც უნდათ კონკრეტულ სამსახურებს. ჩვენ გვაქვს ერთგვარი დაძაბულობა ურთიერთობებში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველო არ თანხმდებოდა და ჯერ კიდევ არ თანხმდება რაღაცებს, რასაც ამერიკა ითხოვდა. ითხოვდნენ ორმხრივ სანქციებს, მოხალისეთა ორგანიზებას და მთავრობის ნებართვით უკრაინაში გაგზავნას, კიდევ ბევრ ისეთ რაღაცას, რაც ჯერ კიდევ არ ვიცი. გარკვეული ჯგუფების მხრიდან, მთლიან შეერთებულ შტატებს ამას ვერ დავაბრალებ, მიზნად რჩება, რომ არჩევნების წინ შექმნას ისეთი განწყობა, რომელიც ოპოზიციის წისქვილზე დაასხამს წყალს და არა ჩვენსაზე. ამა ბევრი ჯგუფი ლობირებს სხვადასხვა ქვეყანაში.
ამერიკის კონგრესს ვინც უნდა, ის დაიბაროს. ჩემთვის პრობლემას ის წარმოადგენს, რომ საქართველოს სახელით ვიღაც რომ ლაპარაკობს, იმ ვიღაცას საქართველოში ვინმე რამედ უნდა აგდებდეს. იმ ენჯეოსექტორს, რომელსაც ეკა გიგაური წარმოადგენს, ორპროცენტიანი მხარდაჭერა აქვს. საქართველოს სახელით სალაპარაკოდ კონგრესში მიჰყავს ორპროცენტიანი მხარდაჭერის მქონე სექტორის წარმომადგენელი, რომელიც ფინანსურად მთლიანად მათზეა დამოკიდებული. მათი ნებაა, კი ბატონო, წაიყვანონ, სულ ერთია, რას ილაპარაკებს ჩვენზე ეკა გიგაური“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
დღეს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართება, სადაც ეკა გიგაური მოხსენებით წარდგება.