საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, რაღაც ფლანგზე, რაღაც პოლიტიკურ ჯგუფებში ერთგვარ ლიდერად გამოიკვეთოს.- ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, "ქართული ოცნების" წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.
"არ ვიცი, რაზე შეიძლება ჰქონოდათ საუბარი, თუმცა ბოლოს დროს იკვეთება და ჩანს, რომ ზურაბიშვილი ცდილობს, რაღაც ფლანგზე, რაღაც პოლიტიკურ ჯგუფებში გამოიკვეთოს ერთგვარ ლიდერად. გულწრფელები რომ ვიყოთ, მიდის ნადირობა ევროკავშირის სტატუსის ბენეფიტების მიღებასთან დაკავშირებით. გავიგეთ, იმპიჩმენტის საკითხს რომ მხარს არ დაუჭერენ ოპოზიციონერი დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო არსებული ჯგუფებიდან, ეს წინასწარ ყველასთვის ცნობილი იყო, თუმცა ჩვენ სხვა რამეზე ვსაუბრობთ. დღეს ისინი რაზე იმყოფებოდნენ, რაზე ისაუბრეს, არ ვიცი, მაგრამ პროცესები გვაჩვენებს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდონი გაიზარდა და გაზრდილი მოლოდინის პირობებში, ყველა პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, მიითვისოს პოზიტიური შედეგები, რაც ამას მოჰყვება. ცდილობენ, მიითვისონ, თითქოს მათ შეძლეს სტატუსის მოპოვება, რაც რეალობიდან ძალიან შორს არის, რადგან ყველამ ვიცით, არავის, არცერთ ოპოზიციურ ჯგუფს მონაწილეობა არ მიუღია ამ პროცესში. ხელისუფლება მარტო ასრულებდა რეკომენდაციებს. ერთადერთი, დეპოლარიზაცია ევალებოდათ და იმაშიც არ გამოგვყვნენ. იმედი მაქვს, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭება და ეს ნამდვილად არ იქნება ოპოზიციური ჯგუფების დამსახურება. ეს იქნება ქართველი ხალხის, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების დამსახურება“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.
ოპოზიციის წარმომადგენლები ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.
პრეზიდენტმა დღეს ინდივიდუალური შეხვედრები გამართა პარტია „საქართველოსთვის“ წევრებთან, ნათია მეზვრიშვილთან და ანა ბუჩუკურთან, „ლელოს“ წევრ სალომე სამადაშვილთან და ასევე ხატია დეკანოიძესთან.
როგორც შეხვედრის მონაწილეები აცხადებენ, მთავარი თემა ევროკომისიის 12 რეკომენდაცია იყო. შეხვედრის ინიციატორი კი თავად საქართველოს პრეზიდენტი იყო.