აშშ-ის საელჩო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების გამო, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

„ქმედითი დემოკრატია ეფუძნება მედიის თავისუფლების დაცვასა და პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის აღკვეთას. მართლმსაჯულების შერჩევითად და პოლიტიზებულად აღქმაც კი რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს და ძირს უთხრის მართლმსაჯულების უზენაესობას, კონსტიტუციით დაცულ ადამიანის უფლებებსა და თავად დემოკრატიას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისათვის, გუშინ, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატებმა გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო ნიკა გვარამიას საქმეზე სარჩელის განხილვა.