სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი  შენდობას ითხოვს, რადგან სტალინის გამოსახულებიანი ხატის სამების ტაძარში დაბრძანება საპატრიარქოს არ აცნობა.

"მე,როგორც სამების საკათედრო ტაძრის კეთილმოწესე, ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შექმნილი ვითარების გამო, შენდობას ვითხოვ დედა ეკლესიისა და მორწმუნე საზოგადოების წინაშე. ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის," - წერს არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი.

9 იანვარს აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ სამების საკათედრო ტაძარში, სტალინის გამოსახულებიან ხატს საღებავი შეასხეს

 შეგახსენებთ: 6 იანვარს დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ ფეისბუკზე გამოაქვეყნა ხატის ფოტოები, რომელიც მისი თქმით, თბილისში, სამების საკათედრო ტაძარშია განთავსებული და მასზე საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინია გამოსახული. რამდენიმე საათში ამ ხატის ვიდეომასალა ისევ ფეისბუკზე გამოაქვეყნა პოლიტიკოსმა, საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა, გიორგი კანდელაკმაც. მოგვიანებით, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა: ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა განაცხადეს, რომ რუსი წმინდანის ხატი სამების ტაძარს მათ შესწირეს.