„ყოველდღიურად ვხედავთ ძალადობის, ანგარიშსწორების, ცილისწამების დემონსტრირებას.  ამ ფონზე თითქმის წარმოუდგენელია ისაუბრო თამამად და სამართლიანად შენს პარტნიორებთან და მათ ეჭვი არ შეეპაროთ საუბარში. ამიტომაა ალბათ რომ თქვენმა კოლეგამ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკიდურესად მკაფიოდ გამოთქვა მისი მთავრობის და შეიძლება ითქვას მთელი ევროკავშირის პოზიცია დღეს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით“, - განაცხადა უფრაქციო პარლამენტის წევრმა არმაზ ახვლედიანმა პლენარულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაციის წესით გამოსვლის შემდეგ.

მისი თქმით, მინისტრი მთავრობის წევრია და ის არის პასუხისმგებელი ქვეყნის საშინაო საქმეების თარგმნასა და  საგარეო ასპარეზზე მიტანაზე.

„თქვენ ხედავთ ბატონო მინისტრო, რომ ბოლო რამდენიმე თვეა უკიდურესად გამწვავდა მმართველი ძალის, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, მხრიდან თავდასხმები ჩვენს საგარეო პარტნიორებზე. როცა თქვენი კოლეგები ამის უფლებას აძლევენ თავს და თქვენ ამაზე რეაგირება არ გაქვთ არ ფიქრობთ, რომ ამით თქვენი რეპუტაცია და საქართველოს იმიჯი ილახება?

ბევრ უხერხულობასთან გვაქვს საქმე. კარგად ხედავთ და თქვენ ეს კარგად იცით, რომ ამ პირობებით, ამ მოცემულობით ჩვენ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ. თქვენ კარგად ხვდებით იმასაც, რომ ამ მოცემულობით ნატო-ს მიმართულებითაც ვერავითარი წინსვლა ვერ გვექნება.

სამთავრობო ტელევიზიები და პირდაპირ თუ ირიბად დაფინანსებული ინსტიტუციები ახერხებენ იმას, რომ ქვეყანაში დემოკრატია სალანძღავ სიტყვად ვაქციეთ. ასევე ადამიანის უფლებები, სამართლის უზენაესობა, ეს პარადოქსია, მაგრამ ფაქტია. ეს არის ჩვენი დღევანდელი მოცემულობა. ამიტომაც ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ როცა ჩვენ გუნდში ვართ, ყველა პასუხს ვაგებთ გუნდის ქმედებაზე.

გთხოვთ, როცა ამის დრო დგება მკაცრად, მკაფიოდ თქვათ ამის შესახებ, თუნდაც ეს იყოს თანამდებობის დატოვების ფასად.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კარგად იცით რა რეიტინგის პოლიტიკოსია, ასეთი მონდომებით რომ ცდილობს დაგვეხმაროს ამ ურთულეს გზაზე და ჩვენ ვაგებებთ მას ასეთ უცნაურ გარემოს ქვეყანაში. აქ თქვენი დიპლომატიური ეტიკეტი, თქვენი გამოცდილება ვერაფერს იზამს. უფრო მეტიც, ასე თუ გაგრძელდა, შესაძლოა, საქმე იქამდე მივიდეს, რომ თქვენი სამთავრობო თვითმფრინავისთვის აღარ იყოს შესაძლებელი სხვადასხვა ევროპულ დედაქალაქში დაშვება. სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ, რომ დროულად შემოკრათ განგაშის ზარი“, - მიმართა არმაზ ახვლედიანმა საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს.