საქართველოს პრეზიდენტმა ცივი წყალი გადაასხა რადიკალურ ოპოზიციას, მათ პარტნიორებსა და კამპანიას, რომელსაც თვეების განმავლობაში ეს ადამიანები წარმართავდნენ, პირდაპირ მიუთითებდნენ და ზეწოლას ახდენდნენ საქართველოს პრეზიდენტზე, მიეღო ასეთი გადაწყვეტილება. - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით.

არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ პრეზიდენტზე ზეწოლა განაგრძოს.

„შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ცივი წყალი გადაასხა რადიკალურ ოპოზიციას, მათ პარტნიორებსა და კამპანიას, რომელსაც თვეების განმავლობაში ეს ადამიანები წარმართავდნენ, პირდაპირ მიუთითებდნენ და ზეწოლას ახდენდნენ საქართველოს პრეზიდენტზე, მიეღო ასეთი გადაწყვეტილება. სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ უპასუხა, რა არის მისი არგუმენტები შეწყალებასთან დაკავშირებით. აქამდეც ჰქონდა გაკეთებული განცხადება, თუმცა ახლა კიდევ მეტი თქვა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას ის ვერ ხედავს, როგორც საშუალებას, მიღწეული იყოს მიზანი, რომელზეც კამპანია ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას. ვფიქრობ, ამით საკითხი უნდა ამოიწუროს, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რადიკალურმა ოპოზიციამ მასთან დაკავშირებული მედიითა და სატელიტებით კიდევ გააგრძელონ ზეწოლა პრეზიდენტზე.

არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტს აქვს სურვილი, შეწყალების გადაწყვეტილება მიიღოს და ამას ვერ აკეთებს. წარსულშიც მან ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს, ასევე განმარტა, რატომ არ აპირებს. დღეს კიდევ მეტი თქვა პრეზიდენტმა, როდესაც განაცხადა, რომ სამართლებრივადაც ასეთი გადაწყვეტილების დასაბუთებას ვერ ხედავს და მიაჩნია, ამის უკან არანაირი აზრი არ არსებობს. ვიმეორებ, პრეზიდენტმა ამ განცხადებით ცივი წყალი გადაასხა დესტრუქციულ კამპანიას და ოპოზიციის იმ ნაწილს, რომლებიც სატელიტებთან ერთად აწარმოებდნენ უკიდურესად დამაზიანებელ კამპანიას, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს და მის ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის იყო განკუთვნილი, არამედ პირდაპირ მუშაობს სააკაშვილის ჯანმრთელობის ინტერესების საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.