პოპულიზმი რომ სპორტის ოლიმპიური სახეობა იყოს, ალბათ ბატონი [გიორგი] ვაშაძე ჩემპიონი გახდებოდა, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის ბიუჯეტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება გაიხსენა.
„საქართველოს ეკონომიკურმა სვლამ მოგვცა საშუალება, რომ გავზარდოთ მიმდინარე ბიუჯეტი თითქმის ნახევარი მილიარდით. არის ძალიან ბევრი მიმართულება - სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეებს სჭირდებათ დახმარება, პენსიებია გასაზრდელი, ჯანდაცვაში შეგვიძლია პროგრამები დავიწყოთ, ძალიან ბევრი პრობლემაა რეგიონებში. ჩვენ დავიწყეთ მსჯელობა როგორ გადავანაწილოთ ეს ნახევარი მილიარდი, რაც საქართველომ ეკონომიკური ზრდითა და პრემიერ-მინისტრის, მთავრობის წარმატებული პოლიტიკით მიიღო.
გამოდის დღეს ოპოზიცია და ამბობს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს ბიუჯეტის გაზრდას, თუ მთელი ეს ფული პენსიების ზრდას მოხმარდება. ეს არის წმინდა წყლის პოპულიზმი და ამ ადამიანებს არანაირი ემპათია არ აქვთ რომელიმე პენსიონერთან, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ იყო ხელისუფლება, რომელმაც პენსიების ზრდის თემა პოლიტიკურ დღის წესრიგში დაამთავრა და თქვა, რომ პოლიტიკოსები კი არ ივაჭრებენ პენსიების ზრდით ყოველი წლის ბოლოს, არამედ პენსიების ზრდა მიბმული იქნება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.