რამდენიმე დღის განმავლობაში ვხედავთ, რომ კონკრეტული ნიღბებით აღჭურვილ ადამიანებს, რომლებსაც დაფარული აქვთ თავიანთი სახეები, თითქოს ხელ-ფეხი აქვთ გახსნილი, რომ ათასი კანონდარღვევა ჩაიდინონ, დაძრწიან ქუჩა - ქუჩა და ადამიანებზე ძალადობენ - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან.
გორდულაძე პრემიერის, ირაკლი კობახიძის იმ ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, შეკრებაზე შეკრების მონაწილეების მიერ აიკრძალება სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა.
გორდულაძის თქმით, პოლიცია პროვოკაციის აცილების მიზნით ცდილობს ნიღბიან მოქალაქეებთან კონტაქტში არ შევიდეს. მისივე თქმით, „მნიშვნელოვანია, ადამიანებს არ ჰქონდეთ შესაძლებლობა თავიანთი სახე დამალონ და თავიანთი ბნელი ზრახვები ნიღბების უკან იყოს ამოფარებული“.
„ასეთი ადამიანები ბევრნი არიან. პოლიცია ყველაფერს აკეთებს და ცდილობს, რომ როგორმე მათთან კონტაქტში არ შევიდეს, რადგან ისევ და ისევ პროვოკაციის მიზნით არ იქნეს გამოყენებული პოლიციელებთან კონტაქტი. ყველაფერს ცდილობენ, რომ გარშემო მყოფი ადამიანები, რომლებიც მშვიდობიანად გადაადგილდებიან, მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი და დაცული იყოს, მიუხედავად ამისა, ეს ადამიანები ვისაც კი ნახავენ, რომ მათ აზრს არ იზიარებენ პირდაპირ შეურაცხყოფებს აყენებენ. სიტყვიერ შეურაცხყოფებთან ერთად გადავიდნენ ფიზიკურ ძალადობებზე და რამდენიმეა ასეთი ფაქტი, როდესაც ადამიანი, რომელიც საერთოდ არ იღებდა მანიფესტაციაში მონაწილეობას, მიაყენეს სხეულის მძიმე დაზიანება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაცკლასტერის“ აზრებს არ იზიარებს.
ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანებს არ ჰქონდეთ შესაძლებლობა თავიანთი სახე დამალონ და თავიანთი ბნელი ზრახვები ნიღბების უკან იყოს ამოფარებული. ამიტომაც თითოეულს, თუ ვინმეს რამეს გაპროტესტება უნდა, გააპროტესტოს და საერთოდ არ არის საჭირო ნიღბების გამოყენება. რაში უნდა დასჭირდეს მომიტინგეს ნიღბის გამოყენება თუ იგი კანონის დარღვევას არ აპირებს. თუ იგი მშვიდობიანად დგას და თავის აზრს აფიქსირებს, რაში სჭირდება ნიღაბი? ნიღბებს ხომ რეალურად ის დანიშნულება აქვს რომ საკუთარი სახეები დამალონ და როდესაც კანონს დაარღვევენ, სამართალდამცავებს გაუჭირდეს ამ ადამიანების იდენტიფიცირება. ეს საშუალება მათ ექნებათ მოსპობილი და თუ ვინმეს დარჩება სურვილი, რომ მიტინგში მიიღოს მონაწილეობა მიიღოს, მაგრამ მათ კანონის დარღვევისთვის ერთი საშუალება ექნებათ ხელიდან გამოცლილი“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.