მოღალატეობრივი და მონური ფსიქოლოგიის კიდევ ერთი გამოხატულება - წერილი, რომლითაც ე.წ. ოპოზიციონერები და რეალურად ამ ქვეყნის ღალატში არაერთხელ მხილებულები, მიმართავენ სხვადასხვა თანამდებობის პირს თუ ორგანიზაციას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

„მოღალატეობრივი და მონური ფსიქოლოგიის კიდევ ერთი გამოხატულება - წერილი, რომლითაც ე.წ. ოპოზიციონერები და რეალურად ამ ქვეყნის ღალატში არაერთხელ მხილებულები, ამ ქვეყნის ინტერესების მომავლის წინაშე ბრალდებული ადამიანები მიმართავენ არაერთხელ, როგორც წარსულში, ისე აწმყოშიც სხვადასხვა თანამდებობის პირს თუ ორგანიზაციას ისევ და ისევ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ, ისევ და ისევ იმისთვის, რომ გააშავონ ჩვენი ქვეყნის სახელი და ახლაც, სხვა არაფერი არ არის თუ არა ასეთივე მოღალატეობრივი და სერგო ორჯონიკიძისეული წერილი, რომლის შინაარსი აბსოლუტურად დაცლილი არის ყველანაირი ფაქტისგან და მხოლოდ და მხოლოდ იმას ემსახურება, რომ კიდევ ერთი ნიუსი გაჩნდეს მათ ტელევიზიებში. ეს ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ ხელებით მართული მარიონეტები არიან რეალურად იმ ძალების მიერ, რომლებსაც აქვთ უზარმაზარი გავლენა და განსაკუთრებული გავლენებით სარგებლობენ ახლა, სამწუხაროდ, ევროპაში“, - განაცხადა გორდულაძემ.

სტრასბურგში 27 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დებატები იხსნება. დღის წესრიგშია საქართველოს საკითხიც.

 ცნობილია,რომ  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს სამმა ოპოზიციურმა პარტიამ - „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ მიმართა წერილით, რომ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება არ დადასტურდეს.

ასევე, დღეს "გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა,   „გახარია – საქართველოს“ წევრებმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წერილი მისწერეს, სადაც ითხოვეს,  "ბიძინა ივანიშვილის არაღიარებულ პარლამენტს და არა საქართველოს პარლამენტს, შეუწყდეს უფლებამოსილება“.