„გახარია – საქართველოსთვის“ წევრის, თეონა აქუბარდიას თქმით, „გახარია – საქართველოს“ წევრებმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წერილი მისწერეს, სადაც ითხოვეს, "ბიძინა ივანიშვილის არაღიარებულ პარლამენტს და არა საქართველოს პარლამენტს, შეუწყდეს უფლებამოსილება“.
„ამ მოსმენების შედეგად რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ვიცავთ, იმ დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული მომავლის გზას, რომელიც ჩვენი კონსტიტუციის მთავარი ფუნდამენტური პრინციპია და რასაც ივანიშვილის რეჟიმმა არათუ გვერდი აუარა, არამედ სასტიკად დაარღვია. ამ დისკუსიაზე ჩვენი პარტია არის მიწვეული ჩვენი პარტნიორი პარტიის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არსებული პარტიის მოწვევით. გარდა იმისა, რაც წერილში გვაქვს და კონკრეტულად აღწერილია ის მუხლები, რომელიც დაარღვია ივანიშვილის რეჟიმმა, რის გამოც მას უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება, რადგანაც ის არ წარმოადგენს საქართველოს, არამედ ის არის ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტი. სხვა დანარჩენი რა იქნება ვერ გეტყვით, მაგრამ მთავარი ვალდებულებაა ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის, რომელიც სწორედ ფუნდამენტური უფლებები, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხზე არის შეკრებილი, განიხილოს მისი წევრი ქვეყნის შიგნით, როგორ შეილახა ყველა ფუნდამენტური პრინციპი“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
შეგახსენებთ, სტრასბურგში 27 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დებატები იხსნება. დღის წესრიგშია საქართველოს საკითხიც.
ცნობისთვის, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს სამმა ოპოზიციურმა პარტიამ - „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ მიმართა წერილით, რომ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება არ დადასტურდეს.