მართალია, გარკვეულმა პირებმა თავიანთი დანაშაულის გამო უკვე აგეს პასუხი სამართლიანი სასამართლოს წინაშე, მაგრამ არ მომხდარა მათი საქმიანობის სისტემურად შეფასება, რომელსაც მაგალითად სტრასბურგის სასამართლომ მწამებლური რეჟიმიც კი უწოდა, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ.

„საგამოძიებო კომისიის შექმნა და მისი საქმიანობა აუცილებელია ჩვენი ქვეყნის წარსულისთვის, აწმყოსთვის და მომავლისთვის. უნდა შეფასდეს ის ძალა, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ჰქვია, რომელსაც არაერთი უბედურება აქვს დატრიალებული ჩვენს ქვეყანაში. მართალია, გარკვეულმა პირებმა თავიანთი დანაშაულის გამო უკვე აგეს პასუხი სამართლიანი სასამართლოს წინაშე, მაგრამ არ მომხდარა მათი საქმიანობის სისტემურად შეფასება, რომელსაც მაგალითად სტრასბურგის სასამართლომ მწამებლური რეჟიმიც კი უწოდა. იმისგან განსხვავებით, რომ ამ ადამიანებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ხელი აეღოთ ამ დანაშაულებზე, ისინი არ გამოსწორებულან. ახლაც, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ არც ამ კომისიაში მიიღებენ მონაწილეობას, როგორც პარლამენტის წევრები, მაგრამ მოუწევთ, რომ წარდგნენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წინაშე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ცალკე დანაშაულია და იმ მრავალ დანაშაულებს კიდევ ერთი მიემატება, რომელიც ასე უხვად აქვთ ჩადენილი“, - აღნიშნა გორდულაძემ.

საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრები მმართველი გუნდის ინიციატივას იწონებენ, თუმცა ამბობენ რომ ეს საკმარისი არ არის. საზოგადოებრივი მოძრაობა საჩივარს ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართული პოლიტიკოსების წინააღმდეგ ამზადებს, რომელსაც პროკურატურაში შეიტანენ.