სამწუხაროდ, ევროპარლამენტის რეზოლუციებს ერთი ევრო ცენტის ფასიც კი აღარ აქვს. მერამდენე რეზოლუციას იღებენ, სადაც არავითარი დასაბუთება, ფაქტები არ არის და მხოლოდ პოლიტიკური შანტაჟის მიზნით გამოყენებული სხვადასხვა ეპითეტია, რომელსაც შემდეგ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიები და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული სხვადასხვა პირები რამდენიმე დღის განმავლობაში გამოიყენებენ, – ამის შესახებ ​​საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი კარგად ხვდება, რა არის რეალობა.

„მათდა სამწუხაროდ და ჩვენდა საბედნიეროდ, ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხვდება, რასთან გვაქვს საქმე, რა არის რეალობა, რაც დასტურდება არა თუ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების, არამედ სხვადასხვა ავტორიტეტული ინსტიტუტების შეფასებით. იქნება ეს მსოფლიო ბანკი, IMF თუ სხვა. აბსოლუტურად განსხვავებული რეალობაა, რომლის მიხედვითაც, საქართველო წინ მიიწევს. პოლიტიკურად ანგაჟირებული სხვადასხვა პირის შეფასებები კი არის მცდელობა, პარალელური რეალობა შეიქმნას და ამით კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წისქვილზე დაისხას წყალი.

შეუძლებელია, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის შეფასებას არ დავეთანხმოთ, რომ ევროპისა და ევროკავშირის მოქმედმა ადმინისტრაციამ ცივილიზაციურ უფსკრულამდე მიიყვანა ევროკავშირი. როგორც კარგ ნაცად ბოლშევიკურ პრაქტიკას შეეფერება, ისინი თავს ესხმიან ყველანაირ დემოკრატიულ საფუძველს, მათ შორის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ითხოვენ, ჩვენს ქვეყანაში არ ისმოდეს თავისუფალო სიტყვა, გაგრძელდეს მხოლოდ დეზინფორმაცია, სიძულვილი, რომელსაც მათივე დაფინანსებული, მართული სხვადასხვა ე.წ. მედია აფრქვევს. ზუსტად ეს არის ის დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც, სამწუხაროდ, ახლანდელი ევროკავშირის ადმინისტრაციას ახასიათებს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.