მამუკა მდინარაძე დააკლდა საჯარო პოლიტიკას და საჯარო პოლიტიკაში მისი დაბრუნება სხვა ძალებით აღავსებს ჩვენს გუნდს, მეტად გააძლიერებს პოლიტიკურ სივრცესაც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით, სისტემა, რომელსაც კოორდინაციას გაუწევს მამუკა მდინარაძე, იქნება ორიენტირებული სახელმწიფო ინტერესების დაცვაზე, ეფექტურად შეეწინააღმდეგება შიგნიდან და გარედან მომავალ საფრთხეებს.

„ბევრი სუბიექტური და კიდევ უფრო მეტი ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე, დიდ წარმატებას ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს. როდესაც არსებობს სისტემა, რომელიც არის არსებითად სხვა რელსებზე გადასული, როდესაც სუს-მა დაიწყო ბევრი რეფორმა და პირადად მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობდა ყველაფერ ამას, ის განსაკუთრებით გამორჩეულია სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების აღკვეთაში, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანმა იკისროს ის პასუხისმგებლობა, რომელსაც ჰქვია მთლიანად სამართალდამცავი ორგანოების სისტემის წაძღოლა. მამუკა მდინარაძე დააკლდა საჯარო პოლიტიკას და საჯარო პოლიტიკაში მისი დაბრუნება სხვა ძალებით აღავსებს ჩვენს გუნდს, მეტად გააძლიერებს პოლიტიკურ სივრცესაც.

უმნიშვნელოვანესი რეფორმები გატარდა შსს-ში, გამორჩეულია ბრძოლა ნარკოტიკული დანაშაულების, ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ, უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით და თავისი ხედვა დაატყო ბატონმა გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს.

სისტემა, რომელსაც საბოლოო ჯამში კოორდინაციას გაუწევს მამუკა მდინარაძე, იქნება ორიენტირებული სახელმწიფო ინტერესების დაცვაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების დაცვაზე, ამავდროულად, როგორც შიგნიდან, ისე გარედან მომავალ საფრთხეებს შეეწინააღმდეგება ისე ეფექტურად, როგორც იგი სხვადასხვა პოლიტიკურ თანამდებობაზე ახორციელებდა თავის საქმიანობას“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

საკადრო ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძეს გეკა გელაძე შეცვლის. გეკა გელაძის კანდიდატურა პარლამენტს დასამტკიცებლად უახლოეს სასესიო კვირაში წარედგინება. მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილი დაინიშნა.