ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არის ერთადერთი „ტყვია“, რომლის გამოყენების მცდელობაც აქვთ საქართველოს წინააღმდეგ იმ ძალებს და იმ მართულ არარჩეულ ბიუროკრატიას, რომელიც სამწუხაროდ ახლა სრული გავლენა აქვთ ევროკავშირის მასშტაბით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს და ევროკავშირს შორის ორმხრივი ხელშეკრულება არსებობს, რომელიც მოიცავს მთელ რიგ საკითხებს უვიზო მიმავლის შესახებ.
„სამართლებრივ ჭრილშიც რომ შევხედოთ, მთავარია, დაცულია თუ არა ეს კონკრეტული მოთხოვნები, არის თუ არა საკმარისად მკაცრი საქართველოს კანონმდებლობა, რომ უკანონო მიგრანტები არ იყვნენ საქართველოში და არ გახდეს საქართველო გამტარი უკანონო მიგრანტებისა, ევროკავშირის მიმართულებით. ამ მიმართულებით ჩვენ უფრო მეტად გამკაცრებული გვაქვს კანონმდებლობა. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენი ინიციატივით საქართველოს პარლამენტმა არაერთი საკანონმდებლო ცვლილება მიიღო.
აქ სამართალთან და ფაქტებთან დაკავშირებული საკითხები ნაკლებად არის. ჩვენ ვიცით, რომ მათ აქვთ სურვილი, რომ საზოგადოებაზე წნეხის მოსახდენად სხვადასხვა მექანიზმი გამოიყენონ და შანტაჟის სხვადასხვა საცეცების გამოყენებით ქართულ საზოგადოებას მიაღებინონ ის გადაწყვეტილება, რისი მიღებაც არ უნდა. 2003-2012 წლების დაბრუნება ქართულ საზოგადოებას არ სჭირდება“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.








