დღევანდელი გამოსვლებით წარმოდგენა შეგექმნებოდათ, რომ ეს იყო რომელიმე ისეთი ქვეყნის წარმომადგენლის გამოსვლა, რომელიც ჩვენდამი მტრულადაა განწყობილი - ეს ხალხი [ოპოზიცია] ჰიბრიდული საფრთხის მატარებელია თავისი გამონათქვამებით,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
მისი თქმით, მინისტრობის კანდიდატთა გამოსვლები ორიენტირებული იყო კონკრეტულ პრიორიტეტებზე, ცალკეული რადიკალური ოპოზიციონერები კი თავიანთ გამოსვლებში შეურაცხყოფის აყენებდნენ საზოგადოებას.
„საზოგადოება თვალყურს ადევნებდა მინისტრობის კანდიდატურების გამოსვლას, რომელიც ორიენტირებული იყო კონკრეტულ პრიორიტეტებზე, შესაბამის ხედვებსა და ნაბიჯებზე, რასაც თითოეული კანდიდატი გეგმავს უწყებაში. სამწუხაროდ, მომსწრე ვართ ცალკეული, რადიკალური ოპოზიციონერების გამოსვლების, რომლებიც ცდილობდნენ შეურაცხყოფის მიყენებას არა მხოლოდ რომელიმე კანდიდატის, კოლეგის მიმართ, არამედ შეურაცხყოფას აყენებენ საზოგადოებას. ვფიქრობ, ამ ადამიანებს არ აქვთ არანაირი მორალური უფლება, მით უმეტეს, რადიკალური ჯგუფის წარმომადგენლებს და მათთან ალიანსში მყოფ ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებს, ჩვენი საზოგადოების წინაშე ისაუბრონ ასეთი ტონით, შეურაცხყოფითა და რიტორიკით. ეს ხალხი იყო, ვინც ითხოვდა ჩარტერული რეისით მებრძოლების გაგზავნას და საბრძოლო მოქმედებებში ჩვენი ქვეყნის ჩართვას. ეს არ გამოუვიდათ და ამაზე იყო მკვეთრი რეაქცია. ეს მკვეთრი რეაქცია სრულად იყო და არის თავსებადი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიდგომებთან. ეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები დროებით ოკუპირებულია. ოკუპირებული ქვეყნის ხელისუფლებისგან მებრძოლების ჩარტერული რეისით გაგზავნას ითხოვდნენ. ეს არ გამოუვიდათ. ამის შემდეგ აწარმოეს კამპანია. ეს ხალხი ჰიბრიდული საფრთხის მატარებელია თავისი გამონათქვამებით. ვინმეს არ ჰქონდეს ილუზია, რომ ეს რადიკალი ჯგუფები და მისი წარმომადგენლები რომლებიც აქ ასეთი ტონითა და აჟიტირებით საუბრობდნენ, ქვეყნის ინტერესებით ხელმძღვანელობენ. ეს ის ხალხია, რომელთაც აწარმოეს კამპანია, რომ ჩვენს ქვეყანას სანქციები დაეწესებინა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების საწინააღმდეგოდ, რომ ეკონომიკური განვითარება არ იყოს ქვეყანაში. ეკონომიკური განვითარება თუ არ იქნება, ეს ხელისუფლების ბრალი იქნება და მათ სურთ ეკონომიკური კოლაფსი. ამიტომ, ერთადერთი, რაც მათ ამოძრავებთ, ეს ხელისუფლებაში მოსვლა და მათი პარტიული ინტერესია. დღევანდელი გამოსვლებით წარმოდგენა შეგექმნებოდათ, რომ ეს არის ისეთი ქვეყნის წარმომადგენლის გამოსვლა, რომელიც ჩვენდამი მტრულადაა განწყობილი. როგორ შეიძლება გქონდეს სამშობლოს განცდა და შენს ქვეყანას მოიხსენიებდე, თითქოს ის ჩამორჩენილია სხვა ქვეყნებთან მიმართებით. ამ რეალობაში გვიწევს მუშაობა. ნაცვლად იმისა, რომ საქმიანი შეკითხვები დაესვათ, ეს სცადეს და თითოეულ ასეთ მცდელობას ექნება ადეკვატური პასუხი“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.