„მთელი ერი, საზოგადოება უნდა შევთანხმდეთ იმ ღირებულებებზე, რა ღირებულებებითაც აქამდე მოვედით, რაც ჩვენმა წინაპრებმა ჩვენამდე მოიტანეს და ამ ღირებულებებს სჭირდება დაცვა და განმტკიცება.
ეს არის საკითხი, რომელიც უკავშირდება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვას.
შეიძლება ერთი მხრივ უცნაურადაც ჟღერდეს, რომ საქართველოში გვიწევს ამ საკითხებზე საუბარი, თუმცა ჩვენი მორალური ვალი, პოლიტიკური ვალდებულება და პასუხისმგებლობაა ჩვენს ხალხს, საზოგადოებას ვესაუბროთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც შეიძლება ყოველთვის არ ჩანდეს დახურულ კარს მიღმა„ - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ამბროლაურში „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვისას.
მან ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ ტრადიციებზე და სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდბლურ ეკლესიას შორის გაფორმებულ შეთანხმებაზე, რომელიც ოჯახური ღირებულების საკითხს განსაკუთრებით განამტკიცებს და ქორწინებას უკავშირებს ჯვრისწერის საიდუმლოებას. „თუმცა საზღვარგარეთ არის ტენდენციები, მიდგომები, რომელიც ამ საკითხის გადახედვას ითვალისწინებს და უკვე გავრცელებულია ტენდენცია, რომ მიმართვა „ქალაბატონებო და ბატონებო“ ითვლება დისკრიმინაციულად“ - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ეს კატეგორიულად დაუშვებელია. თუმცა ეს იდეოლოგია იმდენად მზარდია, რომ საჭირო გახდა ამ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება და ამის თაობაზე საზოგადოებასთან ერთად მსჯელობა.
„საზღვარგარეთ ქვეყნები გამოწვევის წინაშე დგანან, მაგალითად იქ გამბედაობად ითვლება იმის ხსენება, რომ ქალი ქალია და კაცი კაცი. დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ამ გაბედულ გამონათქვამს ტაშის კვრით მიესალმნენ. ის, რაც არის ბუნებრივი, ამის სიმართლის თქმას დღეს გამბედაობა ჭირდება. თქვენ უნდა იყოთ საქმის კურსში და ჩვენ, მთელი ერი, საზოგადოება უნდა შევთანხმდეთ იმ ღირებულებებზე, რა ღირებულებებითაც აქამდე მოვედით, რაც ჩვენმა წინაპრებმა ჩვენამდე მოიტანეს და ამ ღირებულებებს ჭირდება დაცვა და განმტკიცება.
ეს არის მძლავრი ტენდენცია, ძალიან დიდი ოდენობის თანხა შემოდის ჩვენს ქვეყანაში ამ საკითხის პროპაგანდის მხარდაჭერისთვის. ჩვენი მიდგომაა, რომ ეს დაუშვებელია, კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენი მიზანია იმას დავუპირისპირდეთ, რაც ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგება ხელოვნურობით და ამ საკითხებზე თქვენთან ერთად ვიმსჯელოთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.