ცესკოს თავმჯდომარეზე მომხდარი თავდასხმა ისევ პოლიტიკური შეფასებების საგანია. ოპოზიციის ნაწილი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, დავით კირთაძის ქმედებას იწონებს და მას მადლობასაც უხდის.

მმართველი გუნდისთვის კი მსგავსი ქმედებები კატეგორიულად მიუღებელია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ აღნიშნული ფაქტი სამარცხვინოა, კირთაძე კი კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, დავით კირთაძემ, თავისი ქმედებით, საქართველოს ათიათასობით მოქალაქის პოზიცია გამოხატა.

"დავით კირთაძემ გამოხატა საქართველოს ათიათასობით მოქალაქის პოზიცია. ზუსტად ამას იმსახურებდა კალანდარიშვილი, რომ ეს შავი ლაქა, რომელიც მის სახეზე იყო, მას საბოლოოდ გაჰყვეს და ისტორიაში სწორედ ასე ჩაიწერება ეს ადამიანი. კირთაძეზე სისხლის სამართლის საქმის აღძრა მხოლოდ პოლიტიკურ შურისძიებაზე მიუთითებს, თუმცა ამით ვერ დააშინებენ ვერც კირთაძეს და ვერც "ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას". - განაცხადა ანა წითლიძემ.

შეგახსენებთ, რომ დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს შავი ფერის დაუდგენელი სითხე შეასხა. სხდომა დროებით შეჩერდა, თუმცა განახლების შემდეგ 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოეწერა.

ცესკოს თავმჯდომარეზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, კომისიის მიმართვის საფუძველზე, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების მსვლელობისას ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება.