არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მინიონი გამოვა და რას იტყვის, რადგან ეს ადამიანები ვერ შეძლებენ, გადაეფარონ ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ.
„ეს როგორი ფოლოვერი მყოლია „ტიკ-ტოკზე“. ვურჩევ ირაკლი კობახიძეს, გააგრძელოს ჩემი „ტიკ-ტოკ“ ვიდეოების ყურება, კიდევ უფრო მძიმე პერიოდი დაუდგება და იქნებ, რაღაცნაირად განიმუხტოს. ეს ნახევრად ხუმრობით. შედარებით სერიოზულზე რომ გადავიდეთ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მინიონი გამოვა და რას იტყვის, რადგან ეს ადამიანები ვერ შეძლებენ, გადაეფარონ ბიძინა ივანიშვილს. მთავარი აქ არის, რომ გამოვა თუ არა ბიძინა ივანიშვილი, საზოგადოებას აჩვენებს ანგარიშვალდებულებას და იმ მნიშვნელოვან კითხვებს გასცემს თუ არა თავად პასუხს, თუ კვლავ დაიმალება.
გუშინ მინიონთა ერთი ჯგუფი გამოიყვანეს, დღეს მეორე და ალბათ გაგრძელდება მინიონების მცდელობები, მაგრამ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ადამიანები რას იტყვიან. მთავარია, ანგარიშვალდებულებას აიღებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი, თუ ისევ დაიმალება“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა: „გიორგი გახარიას ვურჩევთ, დებატებზე დიდად ნუ გაიქაჩება, ეტიკტოკოს ბუჩუკურს და ლილუაშვილს, რომლებიც პარლამენტარობანას თამაშის უკანასკნელ თვეებს ითვლიან“.