ჩვენ მივდიოდით უდიდეს დათმობაზე, მზად ვიყავით, პარტია დაგვეთმო. ერთადერთი, რაც “ლელოს” უნდა გაეკეთებინა, უნდა მოეხდინა შეთანხმება მის პარტნიორებთან და სამწუხაროდ, ეს შეთანხმება მან ვერ მოახერხა,  - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ანა ბუჩუკურმა პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.

„მნიშვნელოვანია ის, რომ ეს დისკუსია რომ შედგა, ჩემთვის ეს არის პოზიტივი, აქედან გამომდინარე, მინდა მადლობა ვუთხრა ქალბატონ პრეზიდენტსა და “ლელოს”. პირველად მოხდა, რომ დისკუსია შედგა ამ ორ სუბიექტს შორის. ეს სამომავლოდ პარლამენტში პარტნიორობის შესაძლებლობას აჩენს.

რაც შეეხება, ზოგადად, პროცესის მიმდინარეობას - ერთის მხრივ, ბატონი მამუკა ამბობს, რომ კოალიციის ლიდერია და საუბრობს კოალიციის სახელით და მოლაპარაკებებზე ზის და ამის პარალელურად მისი პარტნიორები ზუსტად იმავე დროს საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ჩვენი შესაძლო პარტნიორობის საჭიროებას, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. ერთადერთი, რაც “ლელოს” უნდა გაეკეთებინა, უნდა მოეხდინა შეთანხმება მის პარტნიორებთან და სამწუხაროდ, ეს შეთანხმება მან ვერ მოახერხა.

მინდა ხაზი გავუსვა იმ უდიდეს დათმობას, რა დათმობაზეც ჩვენი გუნდი წავიდა. გიორგი გახარია არის ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ ახლა, ოპოზიციიდან, არამედ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც, და მომავალშიც სულ ასე იქნება ჩვენი გუნდი, პირად და პარტიულ ინტერესზე წინ ყოველთვის ვაყენებდით, ვაყენებთ და მომავალშიც დავაყენებთ სახელმწიფო ინტერესს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ მივდიოდით უდიდეს დათმობაზე, რასაც ჰქვია პარტიის დათმობა. მზად ვიყავით, დაგვეთმო ჩვენი პარტიის სახელი, პარტიული ნომერი. ერთადერთი, რაც მეორე მხარის ლიდერს უნდა მოეტანა, იყო ის, რომ უნდა მოეხერხებინა შეთანხმება მის პარტნიორებთან პარიტეტთან დაკავშირებით და ეს მან ვერ შეძლო”, - განაცხადა ბუჩუკურმა.

შეგახსენებთ, კოალიცია "ძლიერ საქართველო" და პარტია "გახარია - საქართველოსთვის" გაერთიანებასთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში 16 სექტემბერს მიიწვია. ორბელიანების სასახლეში მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის შეხვედრა 17 სექტემბერს შედგა, თუმცა აუდიენცია კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. მანამდე მხარეებს პირისპირ კონსულტაციებიც ჰქონდათ.

დღეს "გახარია საქართველოსთვის" განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია - მადლობას ვუხდით "ლელოს" დისკუსიაში მონაწილეობისთვის - ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა