ახლო აღმოსავლეთში ვითარება არის ძალიან რთული, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება და არის კიდევ უფრო ფეთქებადსაშიში, – ამის შესახებ ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ეს არის აქ ყველაზე მეტად ყურადსაღები, თუ კიდევ რა დამატებითი გამწვავებები შეიძლება მოჰყვეს ამ საომარ მოქმედებებს. ამ ეტაპზე ჩვენ ვხედავთ, რომ, ერთი მხრივ, ირანი, მეორე მხრივ, ამერიკა-ისრაელი მოქმედებენ; არის ჩართული საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი ავიაციით, რომლებიც, მეტწილად, ბაზების უზრუნველყოფით არიან დაკავებული, მაგრამ ვხედავთ, რომ ირანი, უკვე ოთხი დღეა, ურტყამს ამერიკის ბაზებს და 14 ქვეყანა არის მოცული, ირიბად არიან ჩართული ამ საომარ მოქმედებებში. სხვათა შორის, აქ ერთი ნიუანსია, რაზეც მსოფლიოში უკვე ბევრი ექსპერტი საუბრობს, რომ თუკი ამერიკის ბაზები ადრე უფრო რაღაც სტაბილურობის გარანტად აღიქმებოდა იმ ქვეყნებისთვის, დღეს ჩანს ღიად ის, რომ სწორედ ამ ამერიკული ბაზების გამო გახდა ირანის ის მეზობელი ქვეყნები ირანის რაკეტების სამიზნე. ფაქტობრივად, ეს ქვეყნები ჯერ ვერც ერთვებიან ომში. იმიტომ, რომ იმ ქვეყნებს, როგორც ირანი აცხადებს ოფიციალურად, ირანი არ ერჩის და არ უტევს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მათი ქვეყნების ტერიტორიაზე განლაგებულია ამერიკის ბაზები, საიდანაც ამერიკა ახორციელებს შეტევებს, ან, შესაძლოა, ის ბაზებიც გამოიყენოს ირანის წინააღმდეგ, ეს ქვეყნები აღმოჩნდნენ სამიზნეები ირანის ხელისუფლების და ირანული რაკეტების“, – განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

მისი თქმით, ჰორმუზის სრუტის გადაკეტვა ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს ამ სრუტის ქვეყნებს.

„ეს ქვეყნები, ყველა, არის ენერგორესურსებზე დამოკიდებული და მათი ეკონომიკა არის აწყობილი მთლიანად ენერგორესურსებზე. ჩვენ ვნახეთ, რომ კატარმა ნაწილობრივ, და, სხვა ინფორმაციით, მთლიანად, გააჩერა თხევადი გაზის გადამუშავება, რადგან დაიბომბა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, მათ შორის, საუდის არაბეთში და ეს მოქმედებები ზრდის საფრთხეს, რომ სხვა ქვეყნებიც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან“, – განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

 შეკითხვაზე, იყო თუ არა გარდაუვალი სამხედრო ოპერაცია ირანში, თუ გავითვალისწინებთ გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ დიპლომატის შესაძლებლობა არის გაშვებული, ამირან სალუქვაძემ აღნიშნა, რომ, მისი აზრით, მოლაპარაკებები უნდა წასულიყო მხოლოდ ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე, რათა გამდიდრება არ ყოფილიყო 20%-ზე მეტი და მომხდარიყო საერთაშორისო ორგანიზაციების დაშვება, რომ მომხდარიყო ამის კონტროლი.

„ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო ამ ომის არდასაშვებად. ამას ჩვენ ვსაუბრობთ აქეთა პოზიციიდან, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, მიზნები რა არის იმ ჯგუფების, რომლებიც გეგმავენ ამ ომებს, ხომ? მე არ მინდა, ჩვენ ახლა შეთქმულების თეორიებში შევიდეთ, მაგრამ დავინახავთ ამ ომის შემდეგ, რა და როგორ დალაგდება“, – განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

მისივე თქმით, „თუ ვნახავთ, ფასები უკვე გაქცეულია ევროპაში“.

„ფიქჩერსების ფასებზეა საუბარი. საწვავის ფასები გასამართ სადგურებზე მომატებულია, უძრავი ვიდეორგოლია დღეს ინტერნეტში. ასე რომ, ეს არის დასაწყისი. ნავთობის ფასი გუშინ იყო 84 დოლარი დაახლოებით, პლუს-მინუს თამაშობს და შესაძლოა, კიდევ მოიმატოს. ვარაუდობენ 100 დოლარს და მეტს. ვიღაც ასახელებს 200 დოლარს და მეტს, თუმცა ეს ხშირად ხდება ხოლმე და ზომიერების ფარგლებში მომატება კიდევ არის შესაძლებელი, რაც შემდეგში ყოველთვის აისახება სხვა ფასებზე, სამომხმარებლო ფასებზე. ასე იყო ყოველთვის, იგივე უკრაინის ომის გამო დინამიკა, რაც მოხდა, ამ ჯაჭვების დარღვევა და ამან რაც გამოიწვია ევროპაში და სხვაგან, იყო ის, რომ ყველაფრის ფასები გაიზარდა და ეს აისახება ჩვენზე. სხვათა შორის, ჩვენი გამოწვევა რაც არის, ამ კუთხითაც იქნება, შემდგომი შემოტანა რაც იქნება, საწვავის და ყველაფრის, ყველაფერზე აისახება“, – განაცხადა ამირან სალუქვაძემ.