ჩვენ ვართ უაღრესად ღირსეული ხალხი და ვითხოვთ ერთადერთ რამეს - სიმართლეს და ობიექტურ თამაშის წესებს, ისეთს, როგორიც არის მაგალითად საფრანგეთში. საფრანგეთში თუ არ შეიძლება „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა, ის ვერ იქნება დაშვებული და მოწონებული ვერც თბილისის ქუჩებში. ამას უნდა შეეგუოს ყველა - ჰერჩინსკი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა, - ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური ევროკავშირის ელჩის განცხადებას, რომ ეს არ არის ევროპა, როდესაც ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლომ შესაძლოა ოპოზიციური პარტიები აკრძალოს.
როგორც დეპუტატმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის, თუმცა არა იმისთვის, რომ საქართველოში მართლმსაჯულება გარედან მოყვანილმა ადამიანმა გადაწყვიტოს.
„მან [ელჩმა] თქვა, რომ როდესაც თქვენს ჰიმნს ვუსმენ, არ შეიძლება თვალზე ცრემლი არ მომადგესო. მე ვერ დავინახე, რომ თვალზე ცრემლი მოსდგომოდათ, როდესაც ნავთლუღში, ზემო აჭარელი ბიჭები, სრულიად უსამართლოდ ჩაცხრილეს. მოვუსმინეთ ჭირისუფლებს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე და არავის უთქვამს, რომ ეს ყველაფერი აღარ უნდა განმეორდეს. სად არის ევროპა და სამართლიანობა?! ევროპა გვინდა იმისთვის, რომ ვიცხოვროთ სამართლიან ქვეყანაში, სადაც რომელიმე ჩინოვნიკი თრობის ქვეშ არ ჩაცხრილავს ახალგაზრდებს ქუჩაში.
მივმართავ მათ [ევრობიუროკრატებს], თუ მართლაც გინდათ საქართველოსთან ისაუბროთ, ჩვენ ვართ უაღრესად ღირსეული ხალხი და ვითხოვთ ერთადერთ რამეს - სიმართლეს და ობიექტურ თამაშის წესებს, ისეთს, როგორიც არის მაგალითად საფრანგეთში. საფრანგეთში თუ არ შეიძლება „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა, ის ვერ იქნება დაშვებული და მოწონებული ვერც თბილისის ქუჩებში. ამას უნდა შეეგუოს ყველა - ჰერჩინსკი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა. ჩვენ ვართ მზად მეგობრობისთვის, მაგრამ არ ვართ მზად იმისთვის, რომ ვინმემ გვიკარნახოს და საქართველოში მართლმსაჯულება გარედან მოყვანილმა ადამიანმა გადაწყვიტოს“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.







