პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას აფასებს.
მისი თქმით, ევრობიუროკრატების მხრიდან ხშირად ისმის განცხადებები საქართველოს მთავრობისა და ხალხის დაყოფაზე, ევროკომისიის კვლევით კი დასტურდება, რომ ქართველი ხალხი სწორედ საქართველოს მთავრობას ენდობა.
"ამ კვლევის პარალელურად, შეუძლიათ, რომ გამოვიდნენ და თქვან სრულიად განსხვავებული, რომ საქართველოსთან მიმართებაში არის არა ის, რაც მათმა ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, არამედ სრულიად სხვა, საპირისპირო. ჩვენ პირველად არ ვხედავთ ამას. ეს იყო სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში. რამდენიმე წელია, ჩვენ უკვე ამას მივეჩვიეთ, რომ ობიექტური მოცემულობა, ობიექტური კვლევა არის ერთი და ეს ნამდვილად ეფუძნება იმას, რასაც ჩვენ გეგმაზომიერად, ძალიან დიდი შრომის შედეგად ვაკეთებთ და პრინციპული ნაბიჯების შედეგად ვაღწევთ, მაგრამ ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ სადაც არის პოლიტიკური ნება, სადაც არის სუბიექტური მიდგომა, იქ ვხედავთ სრულიად სხვას და აბსოლუტურად განსხვავებულს", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
ცნობისათვის, გამოქვეყნდა ევროკომისიის კვლევა, რომლის მიხედვითაც, მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით, საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია.




