როგორც ვხვდები, ამერიკის ადმინისტრაციის მთავარი მიზანია უკრაინელების და რუსების მოლაპარაკებაზე დათანხმება. ზოგ შემთხვევაში ამას ქებით და პოზიტიური შეფასებებით აღწევს, ზოგ შემთხვევაში – სადამსჯელო ქმედებებით. იმედია, შეთანხმება მალე იქნება მიღწეული და ომი დასრულდება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, ამ პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებს გრძელვადიანი ეფექტი არ ექნება.

„ამ ეტაპზე ტრამპის ქმედებები, პუტინის შეფასებები, წიაღისეულზე შეთანხმება თუ კონკრეტულ შეიარაღებაზე, მიწოდება-არ მიწოდების საკითხი არის უბრალოდ ეტაპი, ზეწოლის ინსტრუმენტები მხარეებზე, რომ ეს ომი დასრულდეს. ამიტომ არ მგონია, ყველა ამ გადაწყვეტილებას რამე გრძელვადიანი ეფექტი ჰქონდეს. როგორც ვხვდები, ამერიკის ადმინისტრაციის მთავარი მიზანი არის უკრაინელების და რუსების დათანხმება მოლაპარაკებაზე. ზოგ შემთხვევაში ამას ქებით და პოზიტიური შეფასებებით აღწევს, ზოგ შემთხვევაში – გამკაცრებით და სადამსჯელო ქმედებებით. არ ვიცი, რამდენად წარმატებული იქნება, იმედია, მალევე იქნება შეთანხმება მიღწეული და ომი დასრულდება“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, – „მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან, მათ შორის ამერიკაში გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, როგორ აფასებთ „ქართული ოცნების“ ნაბიჯებს უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ, მათ შორის სანქციებთან მიმართებაში?“ – რაქვიაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ ჰქონდა გამბედაობა, როცა საჭირო იყო, მორალურად სწორი პოზიცია დაეფიქსირებინა.

„„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება მთელი ეს პერიოდი იყო შეშინებული, უუნარო მთავრობის გადაწყვეტილება, რომელსაც არ ჰქონდა გამბედაობა, მორალურად სწორი პოზიცია დაეფიქსირებინა, როცა საჭირო იყო. არ ჰქონდა უნარი, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილიყო უსაფრთხოება და იყო პოზაში, რომ ჩვენ ისეთი საცოდავები ვართ, არ მოგვაქციოთ ყურადღება. არ მგონია, რომ რომელიმე ადამიანს, რომელსაც საქართველო უყვარს, გაუხარდებოდა ასეთი პოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ შიში ომის დაწყების მომენტში სრულიად ლეგიტიმური იყო, მაგრამ შენ რომ ისეთი უუნარო ხარ, რომ არც მეგობრები გყავს, არც ჯარი გყავს ძლიერი, რომ საკუთარი თავი დაიცვა და ამის გამო დაშინებული დადიხარ, კარგი არაფერია. ამიტომ, ზოგადად, „ქართული ოცნების“ ბევრი ქმედება, მათი ნაბიჯები, განცხადებები იყო განპირობებული იმით, რომ თვითონვე გაანადგურეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, თვითონვე გაიფუჭეს ურთიერთობა ჩვენს მეგობრებთან და როგორ საცოდავ მდგომარეობაშიც იმყოფებოდნენ, დღემდე ასე არიან“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.