"თავისუფალი ხალხის პარტიის" სათათბიროს წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ნაწილი, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში მოქმედებდნენ, ფაქტობრივად გაქრა, თუმცა მცირე რეიტინგის მქონე პარტიებს შორის დაპირისპირება კვლავ გრძელდება.

"ფაქტობრივად გაქრნენ პარტიები, ვინც ბოიკოტობანას თამაშობდნენ, თუმცა იმ ხალხის, ვინც კვლევაში არ იზომება ან ნულთან ახლოს რეიტინგია, მათი ჩხუბი ბუნებრივია ამ სიტუაციაში. ზოგიერთები მილიონებს ხარჯავენ და მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგი არა აქვთ. არ შეიძლება იმ ხალხის დანარჩენ ოპოზიციასთან გაიგივება, ვინც შეიძლება უუნარო, მოსყიდული ან უპრინციპო იყოს", - აცხადებს "თავისუფალი ხალხის პარტიის" სათათბიროს წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

სოციალურ ქსელში მომხმარებლები ავრცელებენ სლაიდს, რომელზეც ასახულია IRI-ის კვლევის შედეგები. გავრცელებული სლაიდის მიხედვით, პარტიულ რეიტინგებში „ქართულ ოცნებას“ 36 პროცენტი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5%, 2-2% აქვთ: ლეიბორისტულ პარტიას, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ და პარტია „ახალს“, 1-1 % აქვთ: ანა დოლიძის პარტიას „ხალხისთვის“ და ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „სახალხო პარტიას“. რეიტინგებში მოცემული არ არის „ლელო“ და „ფედერალისტები“.