პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის (ECECACD) თავმჯდომარის, ალექსანდერ კვაშნევსკის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრა საინტერესო იყო და მასზე განსაკუთრებული ყურადღება ნარკოპოლიტიკის სფეროში ეფექტიანი და დაბალანსებული მიდგომების შემუშავებას დაეთმო.
„ჩვენ შთაბეჭდილების ქვეშ ვართ საქართველოს პრეზიდენტის ცოდნითა და გათვითცნობიერებული დამოკიდებულებით ნარკოპოლიტიკის პრობლემის მიმართ. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ვიპოვოთ დაბალანსებული პოლიტიკა, რომელიც ეფექტიანი იქნება“, – განაცხადა ალექსანდერ კვაშნევსკიმ.
მისივე თქმით, კომისიის მიზანია ნარკოტიკებით ვაჭრობისა და წარმოების წინააღმდეგ ბრძოლასთან ერთად იმ ადამიანების დახმარებაც, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარდნენ, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების მხარდაჭერა.
კვაშნევსკის განცხადებით, კომისიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგროვილი მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს, რომლის გაზიარებაც ნარკოპოლიტიკის სფეროში ეფექტიანი მიდგომების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
მან ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ჯანსაღი ახალგაზრდა თაობის აღზრდის პროცესში ოჯახური კავშირებისა და განათლების მნიშვნელობაზე. კვაშნევსკის შეფასებით, ეს საკითხისადმი მნიშვნელოვანი და საქმიანი მიდგომაა.
ალექსანდერ კვაშნევსკისა და მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში დღეს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.










