კაი გულიანად ნაცემი ვარ, ერთი ნეკნი მოტეხილი მაქვს, ტუჩი ანჟელინა ჯოლის ჩინური ვერსიასავით მაქვს  - წერს ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.

"ყველას სათითაოდ ვერ ვპასუხობ ვინც მკითხულობს და აქ დავწერ: გუშინ კანცელარიასთან რამდენიმე პოლიციელმა დეპუტატების ორი დღის წინანდელი ცემატყეპის ესტაფეტა გადაიბარეს, შემდეგ რამდენიმე საათი ვიყავი დიდუბის პოლიციაში, მერე კლინიკაში და ახლა სახლში ვარ. კაი გულიანად ნაცემი ვარ, ერთი ნეკნი მოტეხილი მაქვს, ტუჩი ანჟელინა ჯოლის ჩინური ვერსიასავით მაქვს )) სისხლჩაქცევებზე და ეგეთებზე ლაპარაკი არც ღირს ))) მარა მხნედ ვარ, შემართებით! არა, რუსულ კანონს!!!" - წერს ალეკო ელისაშვილი.

ომბუდსმენი ალეკო ელისაშვილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მიზნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს

შეგახსენებთ: 15 აპრილს, პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობდა, დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. იმ დროს, როდესაც საკითხზე მომხსენებლი, მამუკა მდინარაძე ტრიბუნასთან იდგა, მასთან დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მივიდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ვითარების განმუხტვას მანდატურის სამსახურის თანამშრომლები ცდილობენ, კომიტეტის სხდომა მომხდარის გამო შეწყდა.