აჭარაში უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახურები სალიკვიდაციო სამუშაოებს უწყვეტი რეჟიმით ატარებენ.
შექმნილ ვითარებასა და მიმდინარე სამუშაოებს გვიან ღამემდე ადგილზე ეცნობოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. იგი ბათუმში, დატბორილი ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე დაბა ჩაქვში ერთ-ერთი ოჯახში იმყოფებოდა, სადაც უხვი ნალექის შედეგად განსაკუთრებით რთული მდგომარეობა შეიქმნა.
ბათუმში ამოტუმბვითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დარჩენილ ადგილებზე გრძელდება მოსახლეობასთან კომუნიკაცია, საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება. წყალმომარაგების მხრივ შეფერხება არ ყოფილა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში დილიდან საგზაო დეპარტამენტისა და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ტექნიკა გზების გაწმენდაზე მუშაობს. დატბორილ ქუჩებზე წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დასრულებულია. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ადგილზე სწავლობენ მდგომარეობას და საჭირო ღონისძიებებს ატარებენ.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად განვითარებული მცირე მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტი რეჟიმით მიმდინარეობს. დილიდან იწმინდება მეწყრული მასისგან დამეწყრილი მონაკვეთები და წესრიგდება გზები.
ქობულეთისა და ხელვაჩაურის საავტომობილო გზებზე დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდაზე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა და თანამშრომლები უკვე ორი დღეა უწყვეტად მუშაობენ. სულ აღრიცხული 20 ადგილმდებარეობიდან, ამ ეტაპზე სამუშაოები მხოლოდ დარჩენილ სამ მონაკვეთზე მიმდინარეობს.
უხვი ნალექის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხს მუნიციპალიტეტების მერიებში მოქმედი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო კომისიები განიხილავენ. ზიანის შეფასებისა და შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ანაზღაურება დადგენილი წესის შესაბამისად გაიცემა.
რეგიონში შესაბამისი სამსახურები სრულად მობილიზებულია და სამუშაოები კოორდინირებულად გრძელდება.
ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.









