მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილი 44 ევროპარლამენტარის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის გაკეთებული მიმართვის გამო ძალიან მადლიერია.

„რა თქმა უნდა, ევროპარლამენტარების ძალიან მადლობელია. ყველაფერმა ერთად, პარლამენტარების ამ მცდელობებმა და გარდა ამისა შიგნით, ქვეყანაში განწყობამ, უნდა გაჭრას. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ეს გაჭრის და ჩემს შვილს მიეცემა შესაძლებლობა ფეხზე დადგეს“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

44 ევროპარლამენტარისგან შემდგარი ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში, სადაც ის საჭირო სამედიცინო დახმარებას მიიღებს. ევროდეპუტატები განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე ავრცელებენ.